სებ-მა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0%-ზე დატოვა

4

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კონტრციკლური ბუფერის დონე უცვლელად, 0%-ზე შეინარჩუნა.

“საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0%-ზე, დატოვა. 2021 წლის ოქტომბერში სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 16.2% შეადგინა, რაც, მნიშვნელოვანწილად, ბიზნეს სესხების ზრდით არის განპირობებული, ხოლო ვალუტების ჭრილში, ეროვნული ვალუტით.

თუმცა, აღსანიშნავია, უცხოური ვალუტის სესხების მზარდი დინამიკა. სესხების ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) მიმართებით გრძელვადიან ტრენდს კვლავ აჭარბებს, თუმცა, წლის დასაწყისთან შედარებით, სესხების მშპ-თან ფარდობის გაპი მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც მაღალი ეკონომიკური ზრდისა და გაცვლითი კურსის გამყარების ეფექტს ასახავს. აღსანიშნავია, რომ წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ცხრა თვის განმავლობაში მშპ-ის რეალური ზრდა მაღალი იყო და 11.3% შეადგინა, რაც ვალის ტვირთის მდგრად დონეზე შენარჩუნებას უწყობს ხელს.

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ კრიზისის დასაწყისში კაპიტალის გამოთავისუფლებული ბუფერების აღდგენის პროცესი და კრიზისამდე დაგეგმილი კაპიტალის დონის და ხარისხის გაუმჯობესება („პილარ 2-ის ფარგლებში კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის ბუფერების განსაზღვრის წესის” მიხედვით) მომდევნო პერიოდში გარკვეულწილად კონტრციკლური ბუფერის როლს შეასრულებს. კომიტეტის შეფასებით, საკრედიტო აქტივობის არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ წელს პორტფელის ზრდა ნომინალური ეკონომიკური ზრდის თანაზომიერი იქნება. ამასთან, გამკაცრებულია მონეტარული პოლიტიკა, რაც ლარში საკრედიტო აქტივობას დამატებით ამცირებს და ინფლაციის შემცირებას უწყობს ხელს. შესაბამისად, ამ პერიოდში კონტრციკლური მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების ამოქმედების საჭიროება არ იკვეთება”, – წერს ეროვნული ბანკი.

Comments
Loading...