სებ-ი ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციის ასოცირებული წევრი გახდა

38

საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციის (IOSCO) წევრობა, კაპიტალის ბაზრის განვითარების კუთხით, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.

IOSCO ფასიანი ქაღალდების სექტორში გლობალურ სტანდარტებს აწესებს და მის მიერ შემუშავებული ბაზრის რეგულირების პრინციპები, მთელ მსოფლიოშია აღიარებული. ამასთან, ორგანიზაციის წევრები ერთმანეთისთვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებითა და თანამშრომლობით უზრუნველყოფენ ფასიანი ქაღალდების ბაზრების მეტ გამჭვირვალობას, სისტემური რისკების შემცირებასა და სექტორის მიმართ ინვესტორთა ნდობის ამაღლებას.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ IOSCO-ს ასოცირებული წევრობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო. ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი მოიცავდა როგორც მოლაპარაკებებს IOSCO-ს წარმომადგენლობასთან, ასევე, მსოფლიო ბანკის დახმარებით, ქართული ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი კანონმდებლობის IOSCO-ს პრინციპებთან შესაბამისობის თვითშეფასებას. სამოქმედო გეგმის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალში IOSCO-ს მუდმივ წევრად გახდომას გეგმავს.

IOSCO-ს ასოცირებული წევრობა, ერთი მხრივ, გაზრდის საერთაშორისო ინვესტორების ნდობასა და ინტერესს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის მიმართ – მეორე მხრივ კი, აამაღლებს საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულატორის რეპუტაციას. ამასთან, ეს შესაძლებლობას მისცემს საქართველოს ეროვნულ ბანკს გაიზიაროს სხვა წევრი ქვეყნების გამოცდილება ბაზრის რეგულირებისა და განვითარების პერსპექტივებთან დაკავშირებით.

Comments
Loading...