სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მაჩვენებელი, 2020 წელთან შედარებით, 1 662.2 მლნ ლარით შემცირდა

13

2021 წლის ბიუჯეტის პროექტით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი, 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით, შემცირებულია 1 662.2 მლნ ლარით და განისაზღვრება 16 758.1 მლნ ლარის ოდენობით.

რაც შეეხება სახელწიფო ბიუჯეტის გადასახდელების მოცულობას – 2020 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, იზრდება 2 460.7 მლნ ლარით და შეადგენს 18 384.5 მლნ ლარს (წინა წარდგენებთან შედარებით ასიგნებების მოცულობა იზრდება 1 313.1 მლნ ლარით).

ჯამში, ხარჯების მოცულობა 2020 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით იზრდება 221.9 მლნ ლარით და შეადგენს 12 778.3 მლნ ლარს, მათ შორის, 890 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის და მისგან გამოწვეული კრიზისი საწინააღმდეგო ღონისძიებების დაფინანსებისთვის.

ხარჯები რამდენიმე სამინისტროს მიხედვით:

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები – წინა წარდგენასთან შედარებით გაზრდილია 711 მლნ ლარით და შეადგენს 5 563 მლნ ლარს, რაც 2020 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 48 მლნ ლარით.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება – განისაზღვრა 2 421.6 მლნ ლარით. ასიგნებები 2020 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 551.3 მლნ ლარით.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს – დაფინანსება განისაზღვრა 1 802.6 მლნ ლარით, რაც 2020 წლის დამტკიცებულ ასიგნებას აღემატება 263.8 მლნ ლარით, ხოლო წინა წარდგენებთან შედარებით, გაზრდილია 64.5 მლნ ლარით.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 463.6 მლნ ლარს, რაც ბიუჯეტის წინა წარდგენებთან შედარებით გაზრდილია 47.8 მლნ ლარით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებულია 469.8 მლნ ლარი, რაც ბიუჯეტის წინა წარდგენებთან შედარებით გაზრდილია 113.3 მლნ ლარით. მათ შორის გათვალისწინებულია, დამატებით, 85.0 მლნ ლარი ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე ეკონომიკის ხელშეწყობის ღონისძიებების ფარგლებში და ჯამურად აღნიშნული მიმართულებით დაფინანსება შეადგენს 120.0 მლნ ლარს, მათ შორის, 35.0 მლნ ლარი მცირე გრანტებისთვის, 50.0 მლნ ლარი საკრედიტო-საგარანტიო სქემის დასაფინანსებლად, ხოლო 35.0 მლნ ლარი სამშენებლო სექტორის მხარდაჭერისთვის (2020 წელს დაწყებული პროგრამებით გათვალისწინებული ვალდებულებების გათვალისწინებით); 50 მლნ ლარი ახალი კორონოვირუსის მართვასთან დაკავშირებული კარანტინის ხარჯებისათვის.

Comments
Loading...