სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმა 103.5%-ით შესრულდა

6

“საერთაშორისო გამჭვირვალეობა საქართველომ”  2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების მოკლე ანალიზი გამოაქვეყნა.

დოკუმენტის თანახმად, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში იანვარ-ივნისში დაგეგმილზე მეტი შემოსულობები შევიდა და გეგმა 103.5%-ით შესრულდა. შემოსულობების მატება პროგნოზირებულზე მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ განაპირობა.

პრივატიზაციის 6 თვის გეგმა 177%-ით შესრულდა, ბიუჯეტში 54 მლნ ლარის ნაცვლად 95 მლნ ლარი შევიდა. გეგმის გადაჭარბებით შესრულება საპრივატიზაციო ობიექტების რაოდენობის ზრდამ განაპირობა.

ამასთან, სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების 6 თვის გეგმა 96.%-ით შესრულდა, სულ ბიუჯეტიდან 10 მლრდ ლარზე მეტი დაიხარჯა.

2021 წლის 6 თვეში, 2020 წლის 6 თვესთან შედარებით, საქონლის და მომსახურების შესყიდვის ხარჯები 21.4%-ით გაიზარდა და 758 მლნ ლარი შეადგინა. 2019 წლის პირველ ნახევართან შედარებით კი, ისინი 24%-ით არის გაზრდილი.

გარდა ამისა, 2021 წლის იანვარ-ივნისში შტატგარეშე თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაზე 153.2 მლნ ლარი დაიხარჯა, რაც 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 84.4 მლნ ლარით, ხოლო 2019 წლის მაჩვენებელზე 95 მლნ ლარით მეტია.

ასევე, 2021 წლის პირველ ნახევარში მივლინებებზე 28.4 მლნ ლარი დაიხარჯა, რაც 2020 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 2.6-ჯერ აღემატება, 2019 წლის მივლინების ხარჯებს კი – 32%-ით (7 მლნ ლარით).

სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის დეფიციტი 2,489 მლნ ლარის დონეზე იყო დაგეგმილი, ფაქტობრივმა დეფიციტმა კი 1,957 მლნ ლარი შეადგინა. დეფიციტის შემცირება შემოსულობების გეგმის გადაჭარბებით შესრულებამ და დაგეგმილზე ნაკლები ხარჯების გაწევამ განაპირობა.

Comments
Loading...