საქსტატი “მრავალინდიკატორულ კლასტერულ გამოკვლევას (MICS)” ჩაატარებს

129

დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ და გაეროს  ბავშთა ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ლაილა ომარ გადმა (UNICEF) ხელი მოაწერეს საგრანტო ხელშეკრულებას, რომლის შესაბამისად საქსტატი "მრავალინდიკატორულ კლასტერულ გამოკვლევას (MICS)" ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

მრავალინდიკატორული კლასტერული გამოკვლევა გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ არის შემუშავებული. იგი წარმოადგენს შინამეურნეობების ერთ-ერთ ყველაზე დიდ საერთაშორისო გამოკვლევას მსოფლიოში. მრავალინდიკატორული კლასტერული გამოკვლევების განხორციელება გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო და დღემდე 100-ზე მეტ ქვეყანაში 300-ზე მეტი გამოკვლევა ჩატარდა. ამჟამად მსოფლიოში მიმდინარეობს გამოკვლევის მე-6 გლობალური რაუნდისთვის მზადება. საქართველომ უკანასკნელად მრავალინდიკატორული კლასტერული გამოკვლევის მე-3 რაუნდში, 2005 წელს მიიღო მონაწილეობა.

მრავალინდიკატორული კლასტერული გამოკვლევის პროგრამა შემუშავდა იმ ძირითადი მონაცემების შეგროვების მიზნით, რომლებიც ქალებისა და ბავშვების მდგომარეობის შესაფასებლად გამოიყენება. გამოკვლევის შედეგად შესაძლებელი იქნება ისეთი სტატისტიკური ინდიკატორების მიღება, რომლებიც მდგრადი განვითარების მიზნებს შეესაბამება და 2030 დღის წესრიგისთვის აქტუალურ საკითხებს ასახავს.

აღნიშნულ ინდიკატორებს მიეკუთვნება: ქალთა და ბავშვთა ჯანმრთელობა, მშობლების ჩართულობა ბავშვთა აღზრდაში, ბავშვთა კვება, საცხოვრებელი პირობები,  სოციალური ტრანსფერები, მოსახლეობის ვიქტიმიზაცია, ცხოვრებით კმაყოფილება, ეკოლოგიურად სუფთა საწვავისა და ტექნოლოგიების გამოყენება,  ინფორმირებულობა აივ-შიდსის შესახებ და ა.შ.  გამოკვლევის ფარგლებში ასევე ჩატარდება წყლის ხარისხის ტესტირება.

გამოკვლევის მოსამზადებელი სამუშაოები რამდენიმე თვეს გასტანს, ხოლო უშუალოდ გამოკვლევის ჩატარება შინამეურნეობებში მიმდინარე წლის სექტემბერშია დაგეგმილი. მრავალინდიკატორული კლასტერული გამოკვლევის შედეგები ხელმისაწვდომი გახდება 2019 წლის გაზაფხულზე.

Comments
Loading...