საქპატენტში ბოსტნეულის ახალი ჯიშები დარეგისტრირდა

288

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში (საქპატენტი) ბოსტნეულის ახალი ჯიშები დაარეგისტრირა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

თავიანი ხახვის ჯიში "საშემოდგომო", ნივრის ჯიში "ხანდო" და კარტოფილის ჯიში "დიკო" სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურების კვლევის სამსახურის თანამშრომლებმა გამოიყვანეს.

რეგისტრირებულმა  ახალმა  ჯიშებმა წინასწარი საწარმოო გამოცდა 2014-2016 წლებში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საცდელ ბაზებზე გაიარა.

თავიანი ხახვის ჯიში "საშემოდგომო" – მოსავლიანობა 39,6 ტ/ჰა; ნახევრად ცხარე, მომრგვალო-მობრტყო ფორმის  180 გრამიან ბოლქვს ივითარებს. მისი გამოყენება შეიძლება ადრე გაზაფხულზე მწვანილის და ბოლქვად საადრეო მოსავლის სახით. გასავრცელებლად რეკომენდირებულია  აღმოსავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში, ზღვის დონიდან 460 მ სიმაღლეზე.

ნივრის ჯიში "ხანდო" –  მოსავლიანობა 12-14 ტ/ჰა; ივითარებს მსხვილ, მკვრივ, 6-7 კბილიან, მომრგვალო-მობრტყო ფორმის 67,7 გრამიან ბოლქვს. აღნიშნული ჯიში საშუალო-საგვიანოა და გამორჩევის მეთოდით არის მიღებული. გასავრცელებლად რეკომენდირებულია  აღმოსავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში ზღვის დონიდან 2000 მ სიმაღლეზე და დასავლეთ საქართველოში (აჭარა, ონი, ამბროლაური). 

კარტოფილის ჯიში "დიკო" – მოსავლიანობა 20-22 ტ/ჰა,  ერთ ძირზე ივითარებს საშუალოდ 9-10 ცალ, 150-220 გრამიან ოვალურ-წაგრძელებულ, თხელ მოყვითელო კანიან, კარგი გემური თვისებების და მყარი კონსისტენციის  ტუბერებს. აღნიშნული ჯიში საშუალო-საგვიანოა და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრიდან მიღებული ინვიტრო სელექციური მასალიდან არის გამორჩეული. გასავრცელებლად რეკომენდირებულია  სამცხე-ჯავახეთის რეგიონებისათვის, კერძოდ მესხეთისა და ქვემო ქართლის ზონებისათვის.

Comments
Loading...