საქონლის ექსპორტი 2021 წლის მეორე კვარტალში 47.1%-ით გაიზარდა

5

საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი 2021 წლის მეორე კვარტალში წლიურად 47.1%-ით გაიზარდა. 

საქონლის ექსპორტი აზერბაიჯანსა და რუსეთში, ასევე რეგიონის სხვა ქვეყნებშიც გაიზარდა.

2021 წლის მეორე კვარტალში აზერბაიჯანში ექსპორტის ზრდას ყველაზე დიდი წვლილი  ჰქონდა, რაც უმეტესად მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებზე მოთხოვნის მატებამ გამოიწვია. რუსეთში ფეროშენადნობების, ყურძნის ნატურალური ღვინოებისა და მინერალური წყლების ექსპორტმა მოიმატა. უკრაინაში ექსპორტის ზრდა მსუბუქი ავტომობილების გარდა, გამომთვლელი მანქანებისა და ქიმიური სასუქების გაყიდვების მატებით იყო განპირობებული. ექსპორტის ზრდაში მაღალი წვლილი თურქეთში შავი ლითონების ჯართისა და ტანსაცმლის, ხოლო სომხეთში სპირტიანი სასმელების ჯგუფებმა შეიტანეს. ამის საპირისპიროდ, უზბეკეთში კლება უმეტესად სამკურნალო საშუალებების გაყიდვების შემცირებით იყო გამოწვეული. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია ბულგარეთსა და ესპანეთში სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების, ხოლო შვეიცარიაში დაუმუშავებელი ოქროს ექსპორტის კლება. ჩინეთიდან მოთხოვნა სპილენძის მადნებსა და კონცენტრატებზე, ასევე დაუმუშავებელ ალუმინზე კვლავ მაღალი იყო (9.5 პპ წვლილი ექსპორტის ზრდაში).

საქონლის ექსპორტის მატება უმეტესად სამომხმარებლო და შუალედური სახის საქონელზე საგარეო მოთხოვნის მაღალმა ზრდამ გამოიწვია, ხოლო საინვესტიციო საქონლის ექსპორტის მატებამ მცირე წვლილი შეიტანა მთლიანი ექსპორტის ზრდაში. სამომხმარებლო საქონლის ექსპორტის მატებაში ყველაზე დიდი წვლილი მსუბუქი ავტომობილების, ხოლო შუალედური მოხმარების საქონლის ექსპორტში სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების, ასევე ფეროშენადნობების ექსპორტმა შეიტანა. საინვესტიციო საქონლის ექსპორტში წამყვანი ადგილი გამომთვლელი მანქანების ბლოკებმა დაიკავა.

Comments
Loading...