საქართველო ჩინეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარსდგა

227
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩინეთში, პეკინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში "COTTM 2018" მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
 
საქართველოს სტენდზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად წარმოდგენილი იყო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, Exo Tour; Step in Georgia; Start Travel; Free Spirit Tours; Tkemali Tour; Future Travel; Infinity Trips; Gallery Palace Hotel და Caucasus Travel.
 
ჩინეთში საქართველოს ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით გამოფენის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ჩინეთის ტურისტული კომპანიების და მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან. პეკინის ტურისტულ გამოფენაზე 70 ქვეყნიდან 400-ზე მეტი ტურისტული კომპანია იყო წარმოდგენილი.
 
"COTTM 2018"-ზე საქართველოს სტენდზე დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ გაესინჯათ სამი სახის ქართული ღვინო. პეკინის საერთაშორისო გამოფენის გახსნას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი და საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დავით აფციაური დაესწრნენ.
Comments
Loading...