საქართველო გლობალური კეთილდღეობის ინდექსში ისტორიულ მაქსიმუმზეა

17

ლონდონში დაფუძნებული ორგანიზაციის “Legatum Institute-ის” ყოველწლიური ანგარიშის “Prosperity Index 2021-ის” ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა.

ანგარიშში წარმოდგენილია მსოფლიოს 167 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, კეთილდღეობის ინდექსი, რომელიც მოიცავს ქვეყანაში პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და გარემოს დაცვის სფეროების შეფასებას.

2021 წლის ინდექსში საქართველომ 53-ე ადგილი დაიკავა და ანგარიშის მიხედვით, წელს საქართველო ინფრასტრუქტურისა და ბაზარზე წვდომის გრძელვადიანი გაუმჯობესებით მსოფლიოს საუკეთესო ათეულში დასახელდა. გარდა ამისა, აღმოსავლეთ ევროპაში ინტერნეტთან წვდომის გრძელვადიანი გაუმჯობესების კუთხით საქართველო პირველ ადგილზეა.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს საქართველო კეთილდღეობის მსოფლიო რეიტინგში უსწრებს ყველა მეზობელ ქვეყანას, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან კი მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება.

ქვეყანამ 2021 წლის „კეთილდღეობის ინდექსში“ შეფასების 100%-ანი სკალიდან 62.3% მიიღო.

გლობალური კეთილდღეობის ანგარიშს ბრიტანეთის წამყვანი ანალიტიკური ცენტრი Legatum Institute 2007 წლიდან აწარმოებს.

 

 

მათივე ცნობით, გლობალური კეთილდღეობის ინდექსში საქართველოს გამორჩეული წარმატება პირველი შემთხვევა არ არის.

„აღსანიშნავია, რომ 2020 წელს ამ სარეიტინგო გამოკვლევაში საქართველომ გრძელვადიანი განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი ისტორიული აღიარება მოიპოვა. 2020 წლის ანგარიშში საქართველოს სპეციალური თავიც კი მიეძღვნა. კერძოდ, ქვეყანა ღია აღმშენებლობის, მდგრადი და კონკურენტუნარიანი ეკონომიკების მიღწევებს შორის პროგრესის ყველაზე დამაჯერებელ უახლეს მაგალითად დასახელდა“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

მათივე ცნობით, კვლევაში გაანალიზებული იყო საქართველოს მიღწევები სიღარიბის შემცირების, თავისუფალი ვაჭრობის, საგადასახადო და ეკონომიკური ლიბერალიზაციის, ინვესტორთა დაცულობის მიმართულებით.

„ასეთი წარმატება ხაზს უსვამს, თუ როგორ შეუძლიათ ერებს, შექმნან გზები სიღარიბიდან კეთილდღეობისაკენ, შექმნან ეკონომიკა, რომელიც კარგად იმართება და მდგრადია შოკების მიმართ, სადაც ხალხი გრძნობს საკუთარ ინტერესებს და კონკურენტუნარიანია საერთაშორისო დონეზე“, – აღნიშნული იყო დასკვნის სახით ანგარიშში.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გრძელვადიანი, ანუ ათწლიანი გაანგარიშებით, საქართველოს სარეიტინგო პოზიცია რვა ადგილით გაუმჯობესდა, 2013 წლამდე კი ქვეყანა მუდმივად 60-ეულს მიღმა იყო.

ორგანიზაცია Legatum Institute გლობალურ კეთილდღეობას 12 აგრეგატის მიხედვით აფასებს :

  • დაცულობა და უსაფრთხოება;
  • პერსონალური თავისუფლება;
  • მმართველობა;
  • სოციალური კაპიტალი;
  • საინვესტიციო გარემო;
  • სამეწარმეო კონდიცია;
  • ბაზარზე წვდომა და ინფრასტრუქტურა;
  • ეკონომიკის ხარისხი;
  • საცხოვრებელი პირობები;
  • ჯანმრთელობა;
  • განათლება;
  • ბუნებრივი გარემო (ეკოლოგია).
Comments
Loading...