საქართველოში 300 ჰექტარი ფსტის ბაღია გაშენებული

3

საქართველოს მასშტაბით, პროგრამით „დანერგე მომავალი“ 300 ჰა-მდე ფსტის ბაღი გაშენდა, ინვესტიციის ოდენობა 3,7 მლნ ლარია, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 1,3 მლნ ლარზე მეტია, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტი 2,9 მლნ ლარს აღემატება. ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.

შპს „ტარიბანა 2016“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 2016 წელს სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით ფსტა გააშენა. 47ჰა-ზე ფსტის გაშენებისათვის კომპანიამ 700,000 ლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 360,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. კომპანია “ტარიბანა 2016“ ფსტის სრულ მსხმოიარობაში შესვლისთვის, გაშენებიდან მეშვიდე წელს, ჰექტარზე 5 ტონა მოსავალს ელოდება. ბაღში მუდმივად 5, სეზონურად 15 ადგილობრივია დასაქმებული. კომპანია აგრეთვე ფლობს ფსტის სანერგე მეურნეობას.

საქართველოში ფსტა (ფისტა) ახალი კულტურაა, რომლის წარმოებასაც ქვეყანა მხოლოდ ახლა იწყებს. ქვეყანაში 10-15 ბაღია გაშენებული, ძირითადად, კახეთის რეგიონში და სულ მცირე, 5 წელია საჭირო, რომ ქვეყანამ ფსტას ექსპორტი წამოიწყოს.

ცნობისთვის, მსოფლიოში ფისტაზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება და წამყვანი მწარმოებელი ქვეყნები წარმოებას აფართოვებენ. East Fruit-ის ანალიტიკოსების პროგნოზით, აშშ-ში ფისტის წარმოება 42% -ით გაიზრდება და რეკორდულ 476,000 ტონას მიაღწევს. ამასთან, პროდუქტის ექსპორტი შეერთებული შტატებიდან თითქმის 20%-ით გაიზრდება და 225,000 ტონას შეადგენს. მათი ვარაუდით, ფისტას მარაგიც ამავე ტემპით გაიზრდება. EastFruit-ის ექსპერტების პროგნოზით, ფისტას წარმოება სამჯერ გაიზრდება თურქეთშიც და 250 000 ტონას გაუტოლდება. მათივე ვარაუდით, ჩინეთში, რომელიც აშშ-ის მთავარი საექსპორტო ბაზარია, იმპორტი შესაძლოა, 45%-ით გაიზარდოს და 150,000 ტონას მიაღწიოს.

შეგახსენებთ, ფისტას კომერციულად მოსავლიანობას დიდი პერიოდი, მინიმუმ, 8 წელი სჭირდება. დანარჩენ მრავალწლიან კულტურებს შორის მოსავლის მიღებას ფსტა ყველაზე გვიან იწყებს. გაშენებული ბაღი 100 წლის განმავლობაში იძლევა ნაყოფს, რაც მისის დიდი პლიუსია. თურქეთსა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში ახლაც არის წინა საუკუნის 30-40 -იან წლებში გაშენებული ბაღები. უყვარს მშრალი, საშუალოდ ნოყიერი მიწები, სხვა შემთხვევაში ფესვს სიდამპლე ემატება, ამიტომაა, რომ კახეთის მხარე ამ კულტურისთვის ხელსაყრელია, თუმცა კარგად ხარობს ქვემო ქართლის ტერიტორიაზე, კასპში, გორის ზოგიერთი ადგილას, სადაც შესაძლებელია ფისტა გაშენდეს. ფსტა კაკლოვანი მცენარეა. მის სამშობლოდ ითვლება ირანი. რამდენიმე ათასი წლის განმავლობაში იზრდებოდა ვრცელ ტერიტორიაზე ავღანეთიდან – სირიამდე, დასავლეთ აზიაში, კავკასიაში (მათ შორის საქართველოში). დღეს ფსტას სამრეწველო მიზნით აწარმოებენ ირანი, აშშ, თურქეთი, სირია, ჩინეთი, საბერძნეთი, ავღანეთი, იტალია და სხვა. მისი კულტივირება კომერციული თვალსაზრისით დაიწყეს 19-ე საუკუნის ბოლოს კალიფორნიაში. ამჟამად აშშ ამ ძვირადღირებული პროდუქტის წარმოებით მხოლოდ ირანს ჩამორჩება.

1 ჰექტარზე ფსტას ბაღის გაშენება, დაახლოებით, 8500-9000 ლარი ჯდება (სარწყავი სისტემის გარეშე). საშუალო მოსავლიანობა ჰექტარზე, დაახლოებით, 2 – 2,5 ტონაა. წლიური მოსავლის საორიენტაციო ხარჯები 4300-4800 ლარს აღწევს. ერთი კილოგრამის სარეალიზაციოდ გამზადება 40-50 თეთრი ჯდება. ხოლო ფსტას ფასი საერთაშორისო ბაზარზე 10-12 ევროს აღწევს.

FAO-ს ექსპერტების შეფასებით, საქართველოდან კაკლოვანი კულტურების ექსპორტი ღვინოს გადაუსწრებს.

Comments
Loading...