საქართველოში წარმოებული ახალი ღუმელები ორჯერ ნაკლებ შეშას მოიხმარს

115

შეშის დასაზოგად, რაც პირდაპირ უკავშირდება ტყის ჭრის შემცირებას, უმნიშვნელოვანესია ენერგოეფექტიანი ღუმელი, რომელიც მცირე რაოდენობის საწვავს მოიხმარს და უკეთესად ათბობს. საქართველოში ენერგოეფექტიანი ღუმელების შექმნის კუთხით ნოვატორია ახმეტელი ზურა ბაბულაიძე, რომელმაც ორგანიზაცია  CENN-ის დახმარებით და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტთან არსებულ „მაღალტემპერატურული თბოფიზიკური პროცესების სამეცნიერო-საინჟინრი ცენტრის“ მეცნიერებთან ერთად 80 %-იანი ეფექტიანობის ღუმელი შექმნა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუკი ასეთი ღუმელები ფართოდ გავრცელდება, საქართველოს ტყეებზე ზეწოლა შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს და მოსახლეობამ თანხაც დაზოგოს შეშაზე.

ზურაბ ბაბულაიძე, კომპანია „აირონ+“-ის ხელმძღვანელი: „ჩვენმა კომპანიამ (აირონ+) აღნიშნული ტიპის მრავალსვლიანი ენერგოეფექტური ღუმელების წარმოება დაიწყო 2008 წელს და მას შემდეგ ვცდილობთ მისი ეფექტიანობის მაჩვენებლების გაზრდას. პირველი კონსტრუქციული ცვლილებები მოვახდინეთ 2009 წელს, როდესაც ღუმელი მომხმარებლებისთვის უფრო კომფორტული გავხადეთ. ამ მომენტისთვის მისი ეფექტიანობის მაჩვენებელი იყო 67 %. შემდგომ წლებში ეტაპობრივად მოხდა სხვა მცირე კონსტრუქციული ცვლილებები, რამაც საშუალება მოგვცა, ეფექტიანობა 72 %-მდე აგვეყვანა. 2021 წელს, CENN-ის დახმარებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებთან ერთად, დავამუშავეთ ღუმელის ახალი კონსტრუქცია და მაჩვენებელი 80%-მდე ავწიეთ. ამ მომენტისთვის ჩვენი ღუმელი ერთ-ერთი ყველაზე ენერგოეფექტიანია ბაზარზე, და მომხმარებელს მაქსიმალურად უმცირებს ხარჯებს ზამთრის პერიოდში.

– მაგალითისთვის, საქართველოში გავრცელებულ ღუმელებს რომ შევადაროთ?

– ახალი მოდელი 2-ჯერ ნაკლებ შეშას მოიხმარს და ვთქვათ, ზამთრის სეზონზე 10 მ³ შეშის ნაცვლად (1200 ლარი) 5 მ³ შეშაა საჭირო (600 ლარი). ანუ პირველივე წელს მომხმარებელს აქვს 600 ლარის ეკონომია შეშაში. ენერგოეფექტიანი ღუმელის ექსპლუატაციის ვადა არის 15 წელი სტანდარტული ღუმელი კი 2 წელიწადში ზიანდება. ე.ი. სანამ ერთი ენერგოეფექტიანი ღუმელი გაფუჭდება, ადამიანს უწევს, 7 ღუმელის იყიდოს. მომხმარებელი 15 წლის განმავლობაში ფლანგავს 9,630 ლარს არაენერგოეფექტური ღუმელის გამოყენებით, საიდანაც შეშის ღირებულების დანაზოგი 9,000 ლარს შეადგენს (15 × 600), ღუმელში კი 630 ლარს ზოგავს (7 × 90).

გარდა ამ დიდი ფინანსურის მოგებისა, მომხმარებელს შეუძლია, ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზეც იზრუნოს. ჩვენი ღუმელი სითბოს დიდხანს ინარჩუნებს და ნედლის ნაცვლად, გამომშრალ შეშაზეა გათვლილი, რაც ჰაერში მყარი ნაწილაკების და მავნე აირების გაფრქვევას რამდენჯერმე ამცირებს. რა თქმა უნდა, ტყეშიც ორჯერ ნაკლები ხე იჭრება. თუ დაზოგილი თანხით კომფორტსაც გაიუმჯობესებს და სახლს დაათბუნებს, ეს კიდევ უფრო მეტ ფინანსებს და ტყეებს დაზოგავს. სხვათა შორის, ღუმელი, შეშის ალტერნატივებზეცაა გათვლილი, თუნდაც ბრიკეტებზე.

– რას გეგმავთ წარმოების გაზრდის თვალსაზრისით?

– ბოლო წლების განმავლობაში ვთანამშრომლობთ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციასთან: CENN, GIZ, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა. მათი დახმარებით ეტაპობრივად განვახორციელეთ ჩვენ მიერ წარმოებული ღუმელების ტესტირება და დავიწყეთ ტექნიკური მახასიათებლების გაუმჯობესება. 2021 წელს CENN-ის დახმარებით მოვახდინეთ 4 სახეობის ღუმელის  ტესტირება და ტექნიკური დახვეწა  კონსტრუქციული ცვლილებების გზით. გარდა ამისა, CENN-თან თანამშრომლობით, თანადაფინანსების საფუძველზე, შევიძინეთ პლაზმური ჭრის CNC დანადგარი,  რომელიც საშუალებას მოგვცემს გავაუმჯობესოთ ღუმელის ტექნიკური მახასიათებლები, წარმოების სიმძლავრე და ხარისხი  გავზარდოთ. 2022 წლისთვის ვფიქრობთ შევიძინოთ კიდევ ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფურცლოვანი ლითონის საღუნი პროგრამირებადი დანადგარი, რომელიც კიდევ უფრო გაგვიზრდის წარმოების მოცულობას. ვცდილობთ, მოვიძიოთ დონორი ამ მიმართულებითაც.

 – თუ იცნობთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას ენერგოეფექტური ღუმელების კუთხით და მსოფლიოში რა მომავალი აქვს ამ საქმეს?

– 2008 წლიდან, რაც ჩვენი კომპანია აწარმოებს ენერგოეფექტიან ღუმელებს, ჩვენ გავეცანით სხვადასხვა ღუმელების კონსტრუქციებს, მათ მწარმოებლებს და რეკომენდაციებს. 2019 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია „აგორას“  დახმარებით ვიმოგზაურეთ ჩეხეთში და გავეცანით ადგილობრივ ენერგოეფექტიან სისტემებს, როგორც მყარი ბიომასის, ასევე გეოენერგიის მიმართულებით.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებობს სპეციალური დირექტივები განახლებადი ენერგიის ხვედრითი წილის გაზრდაზე საერთო ენერგო მოხმარებაში, რის გამოც ბოლო წლების მონაცემებით განახლებადი ენერგიის გამოყენებამ ევროკავშირში თითქმის 20% შეადგინა; ხოლო შვედეთში, ფინეთში, ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში 2020 წლის მონაცემებით, განახლებადი ენერგიის ხვედრითი წილი საერთო ენერგო პორტფოლიოში 44 % იყო.

ჩვენი ევროპული მისწრაფებების გათვალისწინებით, შეგვიძლია დავუშვათ, რომ განახლებადი ენერგიების წარმოებას და გამოყენებას სახელმწიფოც დაეხმარება. შესაბამისად, გაიზრდება მოთხოვნა მყარ ბიომაზაზე მომუშავე ღუმელებზე. ბიზნესი უნდა იყოს მზად მოთხოვნაზე ადეკვატური რეაგირებისთვის.

– ღუმელების გარდა თუ გაქვთ ან თუ გეგმავთ სხვა ენერგოეფექტიანი ტექნოლოგიების წარმოებას?

– 2017 წლიდან ვამონტაჟებთ მზის მიკროელექტროსადგურებს და ამ მიმართულებითაც გვაქვს გამოცდილება. გარდა ამისა, ჩვენ ვამუშავებთ და 2022 წელს წარმოებაში ჩავუშვებთ მყარი საწვავის ენერგოეფექტურ ცენტრალური გათბობის ქვაბებს.

წარმოება სად გაქვთ ტერიტორიულად და მაგალითად ბათუმელ ადამიანს რომ მოუნდეს თქვენი ღუმელების შეძენა, როგორ შეძლებს ამას?

– წარმოება გვაქვს კახეთში ქალაქ ახმეტაში. რაც შეეხება მიწოდების სისტემას, 2021 წელს გავაფორმეთ კონტრაქტი საქართველოს ფოსტასთან და ფაქტობრივად მთელი საქართველოს მასშტაბით შეგვიძლია გავავრცელოთ ჩვენი პროდუქცია. ასევე, ამ მომენტისთვის, გვაქვს მოლაპარაკებები ბანკებთან ონლაინ-განვადებასთან დაკავშირებით. ახლო მომავალში მომხმარებელს ჩვენი პროდუქციის შეძენას მთელი საქართველოს მასშტაბით განვადებითაც შეეძლება.

Comments
Loading...