საქართველოში სურსათის ბანკი შეიქმნება

3

საქართველოში სურსათის ბანკის შექმნა იგეგმება. შესაბამის საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებაზე პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი გაეროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის ორგანიზაციასთან ერთად მუშაობს. 

ცვლილებები შეეხება როგორც რითეილ, ისე ჰორეკა სექტორს, რომელთაც საკვების არა ჩამოწერის და გადაყრის, არამედ დონაციის შესაძლებლობა მიეცემათ. საუბარია სურსათის ბანკში ისეთი ტიპის პროდუქტების დონაციაზე, რომელსაც მალე გასდის ვადა, თუმცა ნაკლებ რისკიანია გამოყენებისთვის.

საკვები ბანკი ძირითადად რესტორნებთან, სასტუმროებსა და სუპერმარკეტებთან ითანამშრომლებს, რომლებიც წინასწარ განსაზღვრული ნუსხის მიხედვით, უვნებელ პროდუქტებს მიაწვდიან ბანკს. პირველადი დოკუმენტის მიხედვით, სურსათის ბანკის მენეჯმენტს არა სახელმწიფო, არამედ საქველმოქმედო ორგანიზაციები განახორციელებენ.

სისტემაში მონაწილეობა კერძო სექტორისთვის ნებაყოფლობითი იქნება, თუმცა ამასთან ის წახალისებული იქნება შესაბამისი საგადასახადო რეჟიმით.

იმისთვის, რომ ბიზნესისთვის საკვებ ბანკში სურსათის დონაცია დამატებითი ფინანსური ტვირთი არ იყოს, კანონმდებლობა მათ განსხვავებულ დაბეგვრის რეჟიმს შესთავაზებს.

სურსათის ბანკის შექმნის შესახებ პირველადი დოკუმენტის განხილვები დაახლოებით 2 კვირის ვადაში იგეგმება. ცვლილებების ინიცირებას აგრარული კომიტეტი სავარაუდოდ მიმდინარე წლის ბოლომდე მოახდენს.

Comments
Loading...