საქართველოში თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის დღე აღინიშნა

25

საქართველოში, ყოველწლიურად, 29 მარტს თამბაქოს საწინააღმდეგო დღე “,საქართველო თამბაქოს გარეშე” აღინიშნება, რომლის მიზანს თამბაქოსაგან თავისუფალი გარემოს მნიშვნელობასა და თამბაქოს მოხმარების რეალური საფრთხის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა და ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.

ღონისძიება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში თამბაქოს საწინააღმდეგო დღეს ყოველწლიურად სხვადასხვა პრიორიტეტული თემა ეძღვნება. წელს ამ დღესთან დაკავშირებით, საფუძველი ჩაეყარა ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას “საქართველო თამბაქოს კვამლის გარეშე”. მოძრაობას, რომელსაც მრავალი ცნობილი ადამიანი შეურთდა, ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს, ხელი შეუწყოს ქვეყანაში მიმდინარე პოზიტიურ ცვლილებებს ჯანსაღი მომავლისთვის და თავადაც შემოუერთდეს კამპანიას.

“ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყებაა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვული ცენტრისგან მოვისმინეთ გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა. დასახელდა ის კონკრეტული მაჩვენებლები თუ რას უნდა მივაღწიოთ და რა გზებით. რაც მიზნად ისახავს, უპირველასად თამბაქოს მოხმარების შემცირებას მოზარდებში. დავსახეთ შემდეგი ნაბიჯები, შემდეგი მიზნები, რომლის საბოლოო შედეგს წარმოადგენს ის, რომ საქართველო გახდეს თავისუფალი თამბაქოს კვამლისგან,” – აღნიშნავს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთაკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე.

ღონისძებაზე 112-ის მობილურ აპლიკაციაში ჩაშენებული თამბაქოს კომპონენტის პრეზენტაციაც გაიმართა. კერძოდ, მობილური აპლიკაციის რჩევების ნაწილს დაემატა ახალი კომპონენტი “თამბაქოს კონტროლი”. აღნიშნულ კომპონენტში დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა მიეცა, მოიძიოს ინფორმაცია როგორც თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის თაობაზე, ასევე თუ როგორ მოვიქცეთ, როდესაც ვხედავთ კანონდარღვევას, რა მავნე გავლენა აქვს თამბაქოს ჯანმრთელობაზე და როგორ დავანებოთ მოწევას თავი.

“112 აპლიკაციის ჩატის საშუალებით, ნებისმიერ მოქალაქეს მარტივად შეუძლია შეგვატყობინოს თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული დარღვევები. ასევე აღსანიშნავია, რომ მობილური აპლიკაციის სასარგებლო რჩევების ფუნქციას დაემატება ინფორმაცია თამბაქოს კონტროლის შესახებ, კერძოდ, თუ სად იკრძალება თამბაქოს მოხმარება, როგორ უნდა მოვიქცეთ კანონდარღვევის შემთხვევაში, ასევე როგორ შეგვიძლია დავანებოთ თავი თამბაქოს მოხმარებას,” – განმარტავს 112-ის სტრატეგიული კომუნიკაციების მენეჯერი, ლიკა ალადაშვილი.

ცნობისათვის, კანონდარღვევის ფაქტის დასაფიქსირებლად პირს შეუძლია მიმართოს 112-ს, კიდევ უფრო მარტივია გამოიყენოს მობილური აპლიკაცია, რომელსაც აქვს როგორც ზარის განხორციელების, ასევე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის ფუნქცია. ტექსტური შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში, ის უკავშირდება ოპერატორს ცოცხალი მიმოწერის რეჟიმში (live chat). მაგრამ თუ სურს დარჩეს ანონიმური, ამის შესახებ აცნობებს ოპერატორს.

“ამ ყველაფერთან ერთად, ძალიან სერიოზულია თამბაქოს გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე. თამბაქოს მავნე ზემოქმედებით გამოწვეული ზიანი ციფრებში გამოიხატება, დაახლოებით მთლიანი შიდა პროდუქტის 2,4 პროცენტით, ანუ ეს არის 825მილიონა ლარი ყოველწლიურად, რასაც ქვეყანა კარგავს თამბაქოს მიერ გამოწვეული ზიანის შედეგად“, – თამბაქოს მომხარების მწავვე პრობლემეზე ისაუბრა დაავადებათა კონტროლისა დასაზოგადოებირვი ჯანმრთელობის ეროვულ ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

“შარშან, პირველი მაისიდან 15 დეკემბრამდე 100 მონიტორის საშუალებით საქართველოში 8000 ობიექტი შემოწმდა. ამ ობიექტებიდან დარღვევა 5%-ში დაფიქსირდა. 95%-ში კანონი სრულდებოდა. ეს მნიშვნელოვანი ციფრია, თუმცა იყო გარკვეული ჩავარდნები დეკემბრის მეორე ნახევარში და იანვრის პირველ ნახევარში, რაზეც რეაგირება გვქონდა და სურათი იანვრის მეორე ნახევრიდან რადიკალურად შეიცვალა. აუცილებელია, მონიტორინგის ისევ სრულფასოვნად ჩატარება. ეს ამ კანონის აღსრულებისა და შესრულების უმთავრესი ამოცანაა. კი მივიღერთ ეფექტიანი კანონი, რომელიც კარგად სრულდება დასაწყის ეტაპზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ 2-3 წლის მერე იგივე სურათი გვექნება. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა და მთვარობასაც ვთხოვთ, რომ ასეთი მონიტორინგის პროგრამები განგრძობადი იყოს,” – მასშტაბური მონიტორინგის პროცესის აუცილებლობაზე ისაუბრა თამბაქოს კონტროლის ალიანისის ხელმძღვანელმა, გიორგი ბახტურიძემ.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, 112-ის და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელები. ასევე, თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისიის წევრი უწყებების, სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მხარდამჭერები.

თამბაქოს მომხარება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და ამავდროულად პრევენცირებადი პრობლემაა. თამბაქოს გლობალური ეპიდემია ყოველწლიურად დაახლოებით 7 მილიონ ადამიანს კლავს, მათ შორის 890,000 არამწეველია და იღუპება მეორადი კვამლის (პასიური მოწევის) გავლენის გამო. თამბაქოს ეკონომიკური ზარალის გათვლები აჩვენებს, რომ საქართველოში პირდაპირი ჯანდაცვის დანახარჯები და არაპირდაპირი დანახარჯები (ნაადრევი სიკვდილი და სამუშაოზე მოწევასთან დაკავშირებული ხარჯები) 824.9 მილიონი ლარია, რაც ქვეყნის წლიური მშპ-ს 2.43%-ს შეადგენს.

თამბაქოს კონტროლის ოთხი (თამბაქოს ნაწარმის დაბეგვრა, საჯარო სივრცეში მოწევის სრულად აკრძალვა, თამბაქოს ნაწარმის რეკლამირება, პოპულარიზაცია და სპონსორობა, თამბაქოს პროდუქტის შეფუთვა და მარკირება) პრიორიტეტული მუხლის აღსრულების შემთხვევაში 15 წლის განმავლობაში ქვეყანა თავიდან აიცილებს 53 100 საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებას, რაც თამბაქოსთან ასოცირებულ მთლიან ეკონომიკურ ხარჯებს 3.6 მილიარდი ლარით შეამცირებს; თამბაქოს კონტროლში ჩადებული ყოველი 1 ლარით უკუ-ინვესტიციის სახით ქვეყანა მიიღებს 161 ლარს 5 წლის და 357 ლარს 15 წლის განმავლობაში.

2017 წელს პარლამენტმა მიიღო ახალი თაობის თამბაქოს კონტროლის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი (კანონები თამბაქოს კონტროლის შესახებ, რეკლამის შესახებ, მაუწყებლობის შესახებ, ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ; ადმინისტრაცულ სამართალდარღვევათა კოდექსი), რითიც საქართველო ხდება რეგიონში მოწინავე ქვეყანა თამბაქოს ეპიდემიასთან და მისი მოხმარებით გამოწვეულ ავადობასა და სიკვდილიანობასთან ბრძოლის კუთხით. მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ 2018 წლის 1 მაისიდან დღემდე კანონის აღსრულება საკმაოდ ეფექტურად მიმდინარეობს. აღსრულების დონე სამასპინძლო ბიზნესში 96%-ია.

Comments
Loading...