საქართველოს ჰოლივუდის ლოკაციის მენეჯერები და პროდიუსერები სტუმრობენ

305
ჰოლივუდის ლოკაციის მენეჯერები და პროდიუსერები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის "გადაიღე საქართველოში" ფარგლებში სტუმრობენ. 22-30 სექტემბრის ჩათვლით ისინი კინოგადაღებების კუთხით ქვეყნის პოტენციალს შეისწავლიან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
 
ცნობილი ამერიკელი კინომწარმოებლების წარმომადგენლები 1 კვირის განმავლობაში ლოკაციების შესარჩევად ბათუმს, წყალტუბოს, ჭიათურას, თბილისს, ყაზბეგს და რუსთავს დაათვალიერებენ. ამერიკელ მენეჯერებს ისეთ ფილმებზე აქვთ ნამუშევარი, როგორებიცაა : "Pretty women", "The Princess Diaries", "Miss Congeniality", "27 Dresses", "Shutter Island", "The Aviator", "Indiana Jones and the Kingdom of the Crystal Skull".
 
"გადაიღე საქართველოში" პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ერთ-ერთი კომპონენტია, ამერიკულ დელეგაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო "აწარმოე საქართველოში" მასპინძლობს. ვიზიტის ფარგლებში უცხოელ სტუმრებს ქართველი კინომწარმოებლები და ქართული საპროდიუსერო კომპანიების წარმომადგენლები შეხვდებიან, მათ გამოცდილებას გაიზიარებენ და გააცნობენ ქართული კინოს შესაძლებლობებს და არსებულ ინფრასტრუქტურას.
 
ჰოლივუდის ლოკაციის მენეჯერების ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზაციას, ქვეყანაში კინოინდუსტრიის წახალისებას და საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის ცენტრად ქცევას.
 
აღსანიშნავია, რომ პროგრამისადმი "გადაიღე საქართველოში" ინტერესი საკმაოდ მაღალია რასაც სააგენტოში შემოსული 9 განაცხადი მოწმობს, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 15, 182 მლნ ლარს შეადგენს.
Comments
Loading...