საქართველოს ტურისტული პოტენციალით საუდის არაბეთში დაინტერესდნენ

219

საუდის არაბეთის ტურისტული კომპანიები საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალით დაინტერესდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ პრეზენტაცია მოაწყო.

საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალი არაბ ტუროპერატორებს, საქართველოს საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წარმომადგენელმა ამირან ივანიძემ გააცნო.

ღონისძიებას საუდის არაბეთის 40 წამყვანი ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. პრეზენტაციის შემდეგ, ქართველმა ტუროპერატორებმა ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს და ტურები შესთავაზეს.

საქართველოს ტურისტული მიმართულება საუდის არაბეთში სულ უფრო პოპულარული ხდება. სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წელს საუდის არაბეთიდან საქართველოს 60 ათასამდე საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 165%-ით მეტია 2016 წელთან შედარებით.

საუდის არაბეთში შეხვედრები ავიაკომპანია Turkish Airlines-ის თანაორგანიზებით მოეწყო.

Comments
Loading...