საქართველოს რკინიგზის 500 მლნ მწვანე ბონდებზე მოთხოვნამ 4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

საქართველოს რკინიგზამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე პარტნიორი საინვესტიციო ბანკების დახმარებით, 500 მილიონი დოლარის ნომინალური ღირებულების მწვანე ობლიგაციები წარმატებით განათავსა.

7

საპროცენტო განაკვეთი 7 წლის ვადით 4%-ით განისაზღვრა. ახალი ობლიგაციებით საქართველოს რკინიგზამ 2012 წლის ივლისში გამოშვებული ევროობლიგაციების რეფინანსირება მოახდინა, რომლის საპროცენტო განაკვეთი 7.75% იყო. ამ ტრანზაქციით კომპანიამ საპროცენტო ხარჯების კუთხით მნიშვნელოვანი შეღავათი მიიღო. კომპანიის მიერ გამოშვებულ ობლიგაციებს მწვანე სტატუსი მიენიჭა. ეს კი ქვეყნის ისტორიაში პირველი პრეცენდენტია, როდესაც სატრანსპორტო ორგანიზაციამ მსგავსი ტიპის ფასიანი ქაღალდი გამოუშვა. საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლების განმარტებით, ტრანზაქციაში საკმაოდ მაღალი იყო ინვესტორების ინტერესი.

რეფინანსირების პროცესში ჩართულნი იყვნენ ისეთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, როგორებიც არიან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და აზიის განვითარების ბანკი (ADB). ახალ ემისიაში მათ გარანტირებული ინვესტორების როლი შეასრულეს. ტრანზაქციაში ადგილობრივი კომპანიები თიბისი კაპიტალი და Galt&Taggart-იც მონაწილეობენ.

ტრანზაქციას იურიდიულ მხარდაჭერას საერთაშორისო დონეზე Dechert და Linklaters (ლონდონი), ხოლო საქართველოში MG LAW და BLC უწევდნენ.

Comments
Loading...