საქართველოს თასის მეორე ეტაპს ბაკურიანი უმასპინძლებს

38

საქართველოს სათხილამურო ფედერაცია 19-20 იანვარს ბაკურიანში 2019 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის მეორე ეტაპს გამართავს. შესაბამისს ინფორმაციას “სილქნეტი” ავრცელებს.

შეჯიბრება დიდველის ფერდობზე სლალომსა და გიგანტურ სლალომში ორი დღის განმავლობაში გაიმართება. მოთხილამურეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან სამ ასაკობრივ ჯგუფში იასპარეზებენ :

ბავშვები  I,  დაბადების წელი 2005-2006;

ბავშვები II, დაბადების წელი 2003-2004;

მოზრდილები და იუნიორები, დაბადების წელი 2002 და უფროსი ასაკი.

შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებენ: გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარის ნაკრები გუნდები, რომლებმაც გასული წლის შიდა რეგიონალურ ჩემპიონატებზე წარმატებას მიაღწიეს და საქართველოს მთავარ ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს.

2018-2019 წლის ზამთრის სეზონზე სვანეთის, გუდაურის, აჭარის და ბაკურიანის სპორტ-სკოლების ათ-ათ მოთხილამურეს აქვს მოპოვებული უპირატესობა  საქართველოს თასის გათამაშების ეტაპებზე. სწორედ მათ მიეცემათ საშუალება ასახელონ თავიანთი გუნდები.

ეტაპებზე მიღებული ქულების ჯამი ახალგაზრდა მოთხილამურეებს, სამომავლოდ საქართველოს სათხილამურო ნაკრებში  მოხვედრაში დაეხმარება.

წელს “თოვლის მსოფლიო დღეს” 20 იანვარს აღნიშნავენ მსოფლიოს თითქმის ყველა სამთო-კურორტზე. საქართველოს სათხილამურო ფედერაციაც მერვე წელია უერთდება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ინიციატივას და ყოველწლიურად მართავს თოვლის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს საქართველოს ყველა კურორტზე.

ამავე დღეს საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდებიან საქართველოს თასის გათამაშების მეორე ეტაპის გამარჯვებულები.

საქართველოს სათხილამურო ფედერაციის თასის ეტაპების გენერალური სპონსორი კომპანია “სილქნეტია”; მხარდამჭერები – კულტურისა და სპორტის სამინისტრო, მთის კურორტების განვითარების კომპანია და კომპანია “ბორჯომი”.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ფედერაციის ვებ გვერდზე: www.gsf.ge

Comments
Loading...