საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმის პროექტი განიხილეს

412

ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტი განიხილეს შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში გაიმართა.

სამუშაო შეხვედრაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, ენერგოეფექტურობის ცენტრის (EEC), მდგრადი განვითარების და პოლიტიკის ცენტრის (SDAP) წარმომადგენლები და სხვადასხვა უწყების სპეციალისტები მონაწილეობდნენ.

ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმა მომზადებულია  ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროების უშუალო კოორდინაციით სხვა სამინისტროების, მუნიციპალიტეტების, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციებისა და მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე. პროექტი EBRD-ის ტექნიკური მხარდაჭერის ფარგლებში, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით ხორციელდება.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით და ენერგოთანამეგობრობაში გაერთიანებით, საქართველომ აიღო რიგი ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის ენერგოეფექტურობის დირექტივით (2012/27/EC) დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულება. ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმა ეფუძნება აღნიშნული დირექტივის მოთხოვნებს – ენერგეტიკის, მრეწველობის, ტრანსპორტის, შენობებისა და სხვა ენერგომომხმარებელ სექტორებში ენერგოდაზოგვის პოტენციალის შესწავლას, თითოეული სექტორის განვითარების გეგმების, არსებული და დაგეგმილი პროექტების მიმოხილვას, რის საფუძველზეც გაწერილია ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმის  ღონისძიებები.

Comments
Loading...