საქართველოს ელექტროენერგეტიკა – იმპორტდამოკიდებულებიდან ექსპორტიორობამდე

11

დღევანდელ სამყაროში ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იაფ ენერგიაზე წვდომაა. საქართველოს ეს ფუფუნება არ აქვს. ქვეყანა არ ფლობს ნავთობისა და გაზის საბადოებს. შესაბამისად, საწვავით ჩვენი მომარაგება მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული. ერთადერთი სექტორი, სადაც შესაძლოა გარღვევა მოხდეს, ეს ელექტროენერგეტიკაა.

პანდემიამდელ პერიოდში, საშუალოდ, წლიურად, ელექტროენერგიაზე მოთხოვნა 5%-ით იზრდებოდა. სამწუხაროა, რომ ამ გამოწვევას ჩვენ ვერ ვხვდებით არათუ გენერაციის ახალი ობიექტების ექსპლუატაციაში ჩაშვებით, არამედ მათი მშენებლობის დაწყებითაც კი. ფაქტია, საქართველო ენერგორესურსების თვალსაზრისით რჩება იმპორტდამოკიდებულ ქვეყნად, მათ შორის, ელექტროენერგეტიკის მხრივ.

ასეთ ვითარებაში, მანამ, სანამ გენერაციის ახალი ობიექტები ახალ სიმძლავრეებს მოიტანს და მანამ, სანამ შავი ზღვის ფსკერზე ელექტროენერგიის მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის დაგეგმილი მშენებლობა ჯერ დაიწყება და შემდეგ დასრულდება (დროში ეს პროცესები დაახლოებით ათწლიან პერიოდს მოიცავს), რაც დამატებით სატრანზიტო შემოსავალს და ქვეყნის ელექტროენერგეტიკულ ჰაბად ჩამოყალიბებას ნიშნავს, – მანამდე, დღის წესრიგში, პირველ რიგში, დგას ელექტროენერგიის საიმპორტო ბაზრის მაქსიმალურად დივერსიფიცირება.

საქართველოს ოთხივე მეზობელთან (რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და თურქეთი) უნდა გააჩნდეს იმ სიმძლავრის მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები, რომ საჭიროების შემთხვევაში, თავისუფლად შეეძლოს ელექტროენერგიის აუცილებელი მოცულობით გაცვლა და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება არცერთი წუთით არ დადგეს ავარიული შეფერხების რისკის ქვეშ.

სადღეისოდ ელექტროენერგიის იმპორტის შესაძლებლობები ტექნიკური თვალსაზრისით, ასე გამოიყურება:

სომხეთთან დაკავშირებული ვართ მხოლოდ ერთი 220 კილოვოლტიანი ხაზით. ეს სუსტი კავშირია და ელექტროენერგიის დიდი მოცულობით გაცვლის საშუალებას არ იძლევა.

თურქეთთან გვაკავშირებს „მესხეთი 400-ის რამდენიმე წლის წინ აშენებული ხაზი, რომელიც 450 მეგავატის გაცვლის საშუალებას იძლევა, რაც საკამოდ დიდი რაოდენობაა. მაგრამ, ეს ხაზი არ არის გათვლილი პარალელურ რეჟიმში მუშაობაზე. პარალელური რეჟიმში ყოფნა კი, ტექნიკური ენერგოუსაფრთხოებიდან გამომდინარე, საქართველოს ენერგოსისტემისთვის, რომელიც შედარებით პატარაა, რომელიმე დიდ ენერგოსისტემასთან აუცილებელია.

ასეთი სისტემა რჩება ორი – რუსეთის ენერგოსისტემა და აზერბაიჯანი. ასეც არის – მთელი წლის განმავლობაში საქართველო პარალელურ რეჟიმშია ან ერთ, ან მეორე ქვეყანასთან. მათთან გაცილებით მყარი ენერგოკავშირი გვაქვს, ვიდრე სომხეთთან და თურქეთთან.

ამ ორს შორის კი, კავშირი უფრო მყარია აზერბაიჯანთან. ეს განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით: რუსეთთან დაკავშირებული ვართ „კავკასიონი 500“-ის ერთი ხაზით. ეს, ერთი მხრივ, ძალიან მყარი კავშირია, მაგრამ მეორე მხრივ, ის გადის ისეთ რელიეფზე, სადაც, განსაკუთრებით ზვავსაშიშროების პერიოდებში (ეს არის თებერვალ-მარტ-აპრილი), მასთან მუშაობა არის ძალზედ სარისკო. თან, მხოლოდ ეს ერთი ხაზი გვაკავშირებს რუსეთთან.

შესაბამისად, ბევრად უფრო მყარია საქართველოს ენერგოსისტემის ბმა აზერბაიჯანთან, რამდენადაც მასთან გვაკავშირებს ორი მოქმედი ხაზი. ერთი 500 კილოვოლტიანი და ერთიც 330 კილოვოლტიანი. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, პრაქტიკულად უკვე დასრულებულია მესამე 330 კილოვოლტიანი ხაზიც. ის ექსპლუატაციაში შესვლას ელის. აზერბაიჯანის მხრიდან საზღვართან უკვე მოყვანილია და საქართველოს მხრიდან დარჩენილია სულ 18 კილომეტრი. ხაზი შევა გარდაბნის ქვესადგურში და იმ მომენტიდან აზერბაიჯანთან საქართველოს უკვე ექნება უმყარესი ენერგოკავშირი სამი მაღალი ძაბვის ხაზის მეშვეობით.

აზერბაიჯანთან ენერგოკავშირს სხვა უპირატესობაც აქვს იგივე რუსეთთან და თურქთთან შედარებით, – აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი სამივე ხაზის რელიეფი რადიკალურად განსხვავდება კავკასიონის ხაზის რელიეფისგან. ტექნიკური რისკები აქ შეუდარებლად დაბალია. ეს დადასტურდა კიდეც სულ ახლახანს, მარტის თვეში, როცა თურქეთიდან იმპორტისას მოხდა ავარია „მესხეთი 400“-ის ხაზზე და დედაქალაქის მხოლოდ ის უბნები დარჩა განათებული, რომლებიც კუნძულოვან რეჟიმში აზერბაიჯანიდან იმპორტირებულ ენერგიაზე იყო მიბმული.

ასეთია სადღეისოდ ელექტროენერგიის იმპორტის სტრუქტურა და დივერსიფიკაციის თვალსაზრისით ის უდაოდ საჭირობს განვითარებას. კერძოდ, განვითარების საუკეთესო სცენარი იქნება, თუკი კავშირი, ტექნიკური თვალსაზრისით, რუსეთთან და სომხეთთან კიდევ უფრო გამყარდება. ეს იმპორტისას კიდევ უფრო მძაფრ კონკურენციას შექმნის. ჯანსაღი კონკურენციისგან კი ქვეყანა მხოლოდ მოგებული დარჩება.

კიდევ უფრო უკეთესი განვითარების სცენარი არის ის, რომ ელექტროენერგიის იმპორტის უსაფრთხოებაზე ზრუნვაზე მეტად (რაც აუცილებელია მიმდინარე ეტაპზე და სამომავლოდაც), ვიფიქროთ და ვიმუშაოთ განახლებადი ენერგიების მაქსიმალურ და უსაფრთხო ათვისებაზე და გენერაციის განუხრელ ზრდაზე.

საქართველოს ელექტროენერგეტიკას აქვს იმის პოტენციალი, რომ 10-15 წელიწადში იმპორტდამოკიდებულის სტატუსიდან ექსპორტიორი ქვეყნის სტატუსზე გადავიდეს და ევროგაერთიანებას კონკურენტულ ფასად მიაწოდოს საქართველოში და სამეზობლოში ნაწარმოები განახლებადი მწვანე ენერგია. ჩვენს ჰიდროენერგორესურსებს და აზერბაიჯანის კასპიისპირა ქარის ენერგორესურსებს საამისო პოტენციალი და პერსპექტივა ნამდვილად გააჩნია.

Comments
Loading...