საქართველოს ბანკების მიერ გაცემულმა სესხებმა 40 მილიარდ ლარს გადააჭარბა

7

საქართველოში მოქმედი 15 კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხების ჯამურმა მოცულობამ აპრილში 40.15 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც საბანკო სისტემისთვის რეკორდული მაჩვენებელია. სტატისტიკის თანახმად, აპრილში დაკრედიტების მოცულობამ წინა თვესთან შედარებით 1.12 მილიარდი ლარით, ანუ 2.87% იმატა. ამ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი ითამაშა გაცვლითი კურსის ცვლილებამ, კურსის გაუფასურების ეფექტის გამორიცხვით კი დაკრედიტების ზრდა 1.43% იყო. 

“ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 376.65 მლნ ლარით (2.17%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 742.48 მლნ ლარით (3.42%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.83%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2021 წლის აპრილის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ – 5.64 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.59%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 14.03 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 4.10%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.49%-ით მეტი).

2021 წლის აპრილის განმავლობაში 2.14%-ით ანუ 411.13 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 19.67 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.15% შეადგინა, 2021 წლის პირველი აპრილის მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.30 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.33 პროცენტული პუნქტით)”, – ნათქვამია ეროვნული ბანკის სტატისტიკაში.

Comments
Loading...