საქართველოდან ოქროს ექსპორტი 27.4%-ით შემცირდა

5

დაუმუშავებელი და ნახევრადდამუშავებული ოქროს ექსპორტმა საქართველოდან 27.4%-ით იკლო. მიმდინარე წლის 7 თვეში საქართველომ $36.6 მილიონის ოქრო გაყიდა, ხოლო გასული წლის საანგარიშო პერიოდში ექსპორტმა $50.4 მილიონი შეადგინა.

“ბიზნეს ფორმულას” ინფორმაციით, ქართული ოქროს მთავარი საექსპორტო ბაზარი შვეიცარიაა, სადაც წელს $34.1 მილიონის ძვირფასი ლითონი გაყიდა. $1.5 მილიონის ექსპორტი განხორციელდა გერმანიაში. მიმდინარე წლის 7 თვეში ქართული ოქრო ასევე შეისყიდეს არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ($784 600 ) და თურქეთმა ($241 800).

უცხოურ ბირჟებზე ოქრომ გაიაფება დაიწყო. იანვრის დასაწყისში ფასი 1958 დოლარს შეადგენდა. ანალიტიკოსი ნიკა შენგელია ეჭვობს, რომ საფასო ცვლილება ბაზარზე სპეკულაციური ცვლილებით არის განპირობებული. მისი შეფასებით, ოქროს ფასი ეცემა და ამ მომენტში მის ფუნქციებს ითავსებს კრიპტოვალუტა ბიტკოინი.

2020 წელს მსოფლიოში მოთხოვნა ოქროზე შემცირდა და ამჟამად ბოლო 11 წლის მინიმუმზეა. ამის შესახებ აღნიშნულია მსოფლიო ოქროს საბჭოს (WGC) ანგარიშში. დოკუმენტის მიხედვით, გასულ წელს ძვირფას ლითონზე ინვესტიციების მოთხოვნილება რეკორდულად იზრდებოდა.

2020 წლის განმავლობაში პანდემიის გამო შექმნილი გაურკვევლობის მიზეზით ოქროში ინვესტირება 40% -ით გაიზარდა და მიაღწია 1,77 ათასი ტონას.

ოქროს ფასი დოლარში 2020 წელს გაიზარდა 25% -ით. წლის ბოლოსთვის ოქროს ფასი უნციაზე გაუტოლდა 1,89 ათას დოლარს.

2020 წელს ოქროს მარაგი მსოფლიოში 4% -ით შემცირდა, რაც 2013 წლიდან ყველაზე დიდი წლიური შემცირებაა.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ოქროს წარმოება მცირდება, რამაც მისი დეფიციტი შეიძლება გამოიწვიოს. თუ ასე მოხდა, ოქრო გაძვირდება.

გლობალურ ბაზრებზე ოქროს გაძვირების ტენდენცია ქართულ ბაზარზეც აისახა. მაგალითისთვის, ქორწინების ბეჭდის ფასი საქართველოში გაორმაგებულია. მაღალი, 999 სინჯის, დაახლოებით 10 გრამიანი საქორწინო ბეჭდის ფასმა 2000 ლარს მიაღწია, ხოლო შედარებით ნაკლების სინჯის ამავე მოცულობის ბეჭდის ღირებულება დაახლოებით 1800 ლარს შეადგენს, როცა 1 წლის წინ ფასი 50%-ით ნაკლები იყო.

,,ოქროს ქართული ბაზარი მთლიანად საერთაშორისო ტენდენციაზეა დამოკიდებული. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ოქროს ადგილობრივი წარმოება არ გვაქვს, რომელიც შიდა ბაზარს გააკონტროლებს. მთლიანად მიბმული ვართ გლობალურ ბაზარზე და ამიტომ ოქრო ძვირდება აქაც, მაღალი სინჯის, 1 გრამი ოქროს ფასი 200 ლარს მიუხლოვდა. შედარებით ნაკლები, 958 სინჯის ოქროს ფასი 186 ლარია. ძალიან მაღალი ფასია და არ შეიძლება, ეს ტენდენცია არ შეიცვალოს. ალბათ, თებერვლის ბოლოს ბაზარი უფრო სტაბილური გახდება. გლობალურ ბაზრებს ვგულისხმობ, რაღაც ზღვარი არსებობს, რომლის იქით, მსყიდვილებითი უნარი ვეღარ გაიზრდება და ფასიც თანდათან კლებისკენ წამოვა”, – ამბობს report.ge-სთან გეოლოგიურ მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო გეოლოგიური ფაკულტეტის პროფესორი ნოდარ ფოფორაძე.

Comments
Loading...