„საპენსიო მომსახურება რეპუტაციულად იმდენად დამაზიანებელია, მეეჭვება რომელიმე ბანკს ამ შარში თავის გახვევის სურვილი გაუჩნდეს”

7

„საპენსიო მომსახურება რეპუტაციულად იმდენად დამაზიანებელია, მეეჭვება რომელიმე ბანკს ამ შარში თავის გახვევის სურვილი გაუჩნდეს”, – ამის შესახებ ამის შესახებ ეკონომისტი, ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„საპენსიო სესხებზე რომ აქტიურობდნენ პოლიტიკოსები წინასაარჩევნოდ, კლიპებიც კი ჰქონდათ შესაბამისი გაკეთებული, დამთავრდა არჩევნები და საკითხმაც აქტუალობა დაკარგა. პოლიტიკოსების მხრიდან საპენსიო მომსახურების საკითხზე ძირითადად არაარსებითი მსჯელობა ისმის. კონკრეტიკის გარეშე და მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციების მიზნით გამოთქმული ფრაზები და განცხადებები.

იყო საუბარი მოდი კონკურენცია გავაჩინოთ ბაზარზე და პროცენტი დაიკლებსო. რეალობაში კი ამ სეგმენტში კონკურენცია რომ გაჩნდეს ინფრასტრუქტურა უნდა იყოს შესაბამისი. წმინდა ტექნიკური საკითხებია ჯერ გასავლელი, რომ შემდეგ ამან ბაზარზე ასახვა იპოვოს. კერძოდ, საპენსიო მომსახურებაზე პასუხისმგებელი ბანკი ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, სრულად უნდა ფარავდეს მთელი ქვეყნის ტერიტორიას.

ამ ეტაპზე არ არსებობს კომერციული ბანკი (ლიბერთის გარდა), რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ოპერირებდეს. ისეთი პირი უჩანს ახალ ტენდერშიც მხოლოდ “ლიბერთი” იქნება მსურველიც და გამარჯვებული. ხო და თუ მაინც “ლიბერთიმ” უნდა დაარიგოს პენსიები (სხვები ფიზიკურად ვერ შეძლებენ) არ ჯობდა მათთან მომხდარიყო პირდაპირი მოლაპარაკება თუნდაც საპენსიო სესხის პირობებზე.

ტექნიკურად რომც შეძლონ ამ ტენდერში სხვა ბანკებმა მონაწილეობის მიღება, მეეჭვება რომელიმეს ამ შარში თავის გახვევის სურვილი გაუჩნდეს მას შემდეგ რაც ნახეს, რომ შეიძლება მომავალში (წინასაარჩევნოდ) ისინი აღმოჩნდნენ პოლიტიკოსების პოპულისტური განცხადებების სამიზნე. საპენსიო მომსახურება რეპუტაციულად იმდენად დამაზიანებელია, არ მგონია, რომელიმე ბანკმა ამ ხათაბალაში თავი გაყოს”, – წერს ჯანიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პენსიების გაცემასთან დაკავშირებით ახალი ტენდერი გამოცხადდება, რომელშიც მონაწილეობის საშუალება სხვადასხვა კომერციულ ბანკებს ექნებათ.

Comments
Loading...