სან დიეგოს უნივერსიტეტმა საქართველოში კარიერული განვითარების ცენტრის გახსნის ცერემონიას უმასპინძლა

48

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა (SDSU) საქართველოში კარიერული განვითარების ცენტრის გახსნისა და სტუდენტების დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიას უმასპინძლა. ამის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას კომპანია GWP ავრცელებს.

ღონისძიების მთავარი მიზანი დამსწრე საზოგადობისთვის კარიერული განვითარების ცენტრის საქმიანობისა და აშშ-ის უნივერსიტეტებში სტუდენტების დასაქმების საუკეთესო მაგალითების გაცნობაა, რომლის დანერგვასაც უნივერსიტეტი საქართველოში ახორციელებს. ღონისძიებაზე კერძო სექტორისა და საჯარო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა უნივერსიტეტის წარჩინებული და სოციალურად დაუცველ სტუდენტები სასწავლო სტიპენდიებით დააჯილდოვეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში როს უილსონი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაცია, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი საქართველოში ჰალილ გუვენი, ბიზნეს სექტორის, აკადემიური ინსტიტუტების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე სხვა კომპანიებთან ერთად ჯილდო სტუდენტებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა გადასცა. კომპანიამ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში უნივერსიტეტის ათ წარჩინებულ და სოციალურად დაუცველ სტუდენტს სწავლის საფასური დაუფინანსა. სწავლის საფასურის დაფინანსებასთან ერთად კომპანია სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში სტაჟირების პროგრამას სთავაზობს. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობა უნივერსიტეტის ბაკალავრიატის პროგრამებზე შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიონალი კადრების მომზადებას უზრუნველყოფს.

სტუდენტების დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობდნენ: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის (GWP), ფონდი ქართუს, საქართველოს ბანკის, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის, აშშ-ის საელჩოს, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის (GIG), სილქნეტის, GDI Group-ის, GM Pharma-ს და TBC ბანკის წარმომადგენლები.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU), ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს უმაღლესი განათლების კომპონენტის ფარგლებში, საქართველოში ახორციელებს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე (ABET, ACS, WASC) საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში. კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომს. აღნიშნული პროგრამები ხელს შეუწყობს საქართველოში საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური დარგების განვითარებასა და ქვეყანაში მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებას. პროექტი ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით.

Comments
Loading...