“სამედიცინო სერვისებზე არათანაბარი ხელმისაწვდომობა წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას ონკოლოგიური პაციენტების მართვაში”

20

კიბოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, კავკასიის ონკოსაზოგადოება H.O.P.E-ის ეგიდით, ონლაინ სამუშაო შეხვედრა გაიმართა, თემაზე „სრულფასოვანი მკურნალობა, უწყვეტი ზრუნვა“. შეხვედრაზე  ონკოლოგიური დაავადებების მართვაში საქართველოში დღეს არსებული სერვისები,  საჭიროებები და ის თანმდევი პრობლემები განიხილეს, რაც აფერხებს კიბოს მართვის პროცესს და საფრთხეს უქმნის პაცინეტის სიცოცხლეს.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ  ონკოლოგიის თითქმის ყველა მიმართულების ექსპერტი საქართველოში, ასევე თავად პაციენტები, ონკოსაზოგადოება HOPE-ის, მედიის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და „ჯეპრას“ წარმომადგენლები. მათ იმსჯელეს ისეთ საკითხებზე როგორიცაა, როგორი არის ონკოლოგიურ სერვისებზე წვდომა საქართველოში, რა ხარვეზებია საყოველთაო პროგრამის ფარგლებში, ასევე კერძო დაზღვევის  მქონე  ონკოპაციენტების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში, რა არის საჭირო ონკოლოგიურ სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის შესაქმნელად, როგორ ამოვავსოთ ონკოლოგიაში არსებული ხარვეზები და გავხადოთ მკურნალობა სრულყოფილი, ზრუნვა უწყვეტი და აშ.

ცნობილია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა აფინანსებს პაციენტს ონკო ქირურგიისთვის 15 000 ლარით, ხოლო სხვა ონკოლოგიური მკურნალობისთვის 20 000 ლარით. დიაგნოსტირება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არ შედის.კერძო დაზღვევის შემთხვევაში კი, არ არსებობს საყოველთაოს ანალოგიური პაკეტი, არც რაიმე სხვა ტიპის სავალდებულო პაკეტი. ძირითადად ონკოლოგიას განიხილავენ როგორც ქრონიკულ დაავადებას და არ ფინანსდება. იშვიათ შემთხვევაში არის ხოლმე შეტანილი 2000 -დან მაქსიმუმ 5000-ლარამდე ლიმიტი. გამოდის, რომ საქართველოში ონკოლოგიურ სერვისებზე არის არათანაბარი ხელმისაწვდომობა!

„თუ ადამიანს არ აქვს საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტი, ის რჩება საკმაოდ ძვირადღირებული სადიაგნოსტიკო და სამკურნალო ფინანსური ტვირთის ქვეშ, რადგან კერძ დაზღვევა მას არ აფინანსებს და თუკი კერძო დაზღვევით სარგებლობს და მისი შემოსავალი 40 000 ლარს აღემატება, მას არ აქვს საშუალება ჩაერთოს სახელმწიფო პროგრამაში.ხშირ შემთხვევაში საყოველთაოში ჩართული პაციენტებისთვის ის ლიმიტი, რაც მკურნალობისთვის არის დაწესებული საკმარისი არ არის და თუ მას დამოუკიდებელი ფინანსური რესურსი არ აქვს, ან ვინმე არ ეხმარება, უწევს მკურნალობის შეწყვეტა. არც საყოველთაოში ჩართულ პაციენტს აქვს შესაძლებლობა რომ ამ პერიოდში აიღოს კერძო დაზღვევა. გარკვეულ შემთხვევებში მაგალითად, თბილისში არსებული რესურსები, რეგიონის პაციენტისთვის შეიძლება არ იყოს, ანუ გვხვდება რესურსების არათანაბარი მიწოდება რეგიონებში მცხოვრებლ პაციენტებს შორის. დიაგნოსტირებისთვის აუცილებელი გამოკვლევები არც საყოველთაოს ფარგლებში არ ფინანსდება და მათი სიძვირის გამო, შესაძლოა პაციენტმა ვერც კი ჩაიტაროს სათანადო გამოკვლევები. არადა, სწორი დიაგნოზის დასმას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტის მკურნობის პროცესში,“ – აღნშნავს  ონკოსაზოგადოება Hope-ის დამფუძნებელი და პაციენტთა ორგანიზაცია „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი, ანა მაზანიშვილი.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, პაციენტის მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე ხშირად ხდება განსხვავებული, დაბალბიუჯეტური სამკურნალო გეგმის შერჩევა. მსგავსი ტიპის გეგმა, ხშირ შემთხვევაში ნაკლებ პრიორიტეტული და ნაკლებ ეფექტურია.

„აუცილებელია არსებული ხარვეზების გაანალიზება და მისი აღიარება.  არსებობს თანაბარი ხელმისაწვდომობის დარღვევები კიბოს მართვაში. უთანაბრობა იწვევს პაციენტის სიცოცლის დაყენებას საფრთხის ქვეშ. ადამიანები, რომლებიც საჭიროებენ კიბოს მართვის სერვისებს, აწყდებიან სხვადასხვა ბარიერებს. უთანაბრობა მატერიალურ მდგომარეობაში, განათლებაში, გეოგრაფიულ ადგილმდებარეობაში, ეთნიკურობაში თუ სხვა ახდენს მნიშვნელოვან უარყოფით ზეგავლენას ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობაში. ეს ხარვეზები ზემოქმედებენ არა მხოლოდ პაციენტებზე, არამედ მათ გარშემომყოფებზეც. თუმცა ეს ბარიერები არ არის მყარი და ჩვენ შეგვიძლია ერთობლივად გადავლახოთ ისინი. ამ წელს ჩვენ ერთად უნდა დავაყენოთ მნიშვნელოვანი პრობლემები კითხვის ნიშნის ქვეშ და ვეძიოთ მათი გამოსწორების გზები. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი მომავალი, სადაც ადამიანები იცხოვრებენ ჯანმრთელად და ექნებათ გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობა ჯანდაცვისა და კიბოს მართვის სერვისებზე,“ – განმარტავს კლინიკური ონკოლოგი ნია შარიქაძე.

„სამედიცინო სერვისებზე არათანაბარი ხელმისაწვდომობა წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას ონკოლოგიური პაციენტების მართვაში. ჯანდაცვის სფეროში, არათანაბარი ხელმისაწვდომობა ნიშნავს, რომ  ქვეყანაში არსებულ ონკოლოგიურ სერვისებზე არის არათანაბარი წვდობა დიაგნოზის, გეოგრაფიული მდებარეობის, სოციალური სტატუსის ან ფინანსური მდგომარეობის მიხედვით, რაც არის  პაციენტის დისკრიმინაციას. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ თანაბარი ხელმისაწვდომობა არ მოიცავს ყოველი პაციენტისათვის იდენტური რესურსის მიწოდებას (ერთი ზომის ფეხსაცმელი ყველას არ ერგება). ყოველი შემთხვევა საჭიროებს პერსონალიზირებულ მიდგომას. თანაბარი ხელმისაწვდომობისას მნიშვნელოვანია თითოეულ პაციენტს მივაწოდოთ ის რესურსი, რაც მას სჭირდება“, – ითქვა შეხვედრაზე.

“წელს მთავარი თემაა “Close the care gap”, რაც იმას ნიშნავს რომ  ყოველი ადამიანი იმსახურებს ქვყანაში არსებულ ონკოლოგიურ სერვისებზე თანაბარ ხელმისაწვდომობას. მართალია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, განვითარებულ ქვეყნებშიც კი, არსებობს ხარვეზები კიბოს მართვის მიმართულებით. დღეს ეს ხარვეზები საჭიროებენ დაუყოვნებლივ რეაგირებას, მათ აღმოფხვრასა და სისტემის სრულყოფაში მოყვანას, მათ შორის,   საქართველოშიც. მნიშვნელოვანია, რომ ონკოლოგიური პაციენტების სიცოცხლის გადარჩენისათვის აუცილებელი სამკურნალო და სამედიცინო სერვისები თანაბრად  იყოს ხელმისაწვდომი თითოეული მოქალაქისთვის, განურჩევლად დიაგნოზის, გეოგრაფიული მდებარეობის, სოციალური სტატუსის, მატერიალური მდგომარეობისა და მათი წარმომავლობისა, მიაჩნია კლინიკურ ონკოლოგს თამარ ესაკიას.

შეხვედრაზე მოწვეულმა ონკოპაციენტებმა განიხილეს და გაიხსენეს ის ხარვეზები, რაც მათ კიბოს მართვის პროცესში შეხვდათ. „მთავარი მიზანია  კიბოსაგან გამოწვეული ზიანის შემცირება, ონკოლოგიურ სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა თითოეული პაციენტისათვის. ხარვეზების გამოვლენა და მათი გადაჭრის გზების მოძიება“ – ეს ის მნიშვნელოვანია საკითხებია, რაც დღეს პაციენტებს აღელვებთ და მისი აღმოფხვრა ყველა ჩართული პასუხიმგებელი რგოლის ურთიერთთანამშრომლობის გზით არის შესაძლებელი.

ინფორმაცია დაავადების შესახებ

არაგადამდებ დაავადებათა შორის, დღეისათვის კიბო წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებასა და სიკვდილობის გამომწვევ უმთავრეს მიზეზს. ყოველწლიურად მსოფლიოში 10 მილიონი ადამიანი იღუპება კიბოს დიაგნოზით. ეს რიცხვი აღემატება ერთად აღებული შიდსით, მალარიითა და ტუბერკულოზით გამოწვეული სიკვდილობის რიცხვს. ექსპერტების პროგნოზის მიხედვით 2030 წლისთვის კიბოთი სიკვდილობის ზრდა მოსალოდნელია 13 მილიონ შემთხვევამდე თუ ჩვენ არ მივიღებთ შესაბამის ზომებს ახლავე. მსოფლიო მონაცემებით კიბოს სისკვდილიანობის 65% მოდის ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში. ამდენად ეს პრობლემა ძალზედ აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვის.  კიბოს 1/3-ზე მეტი შემთხვევის პრევენცია შესაძლებელია. შემდეგი 1/3 შემთხვევებისა შესაძლებელია განკურნებულ იყოს სწორი მკურნალობის შედეგად თუ მისი აღმოჩენა მოხერხდება ადრეულ სატიაზე. სამედიცინო სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობით, სწორი პრევენციული სტრატეგიების იმპლემენტაციით, ადრეული აღმოჩენით, სწორი დიაგნოსტიკური კვლევებითა და სწორი სამკურნალო მიდგომების მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია გადავარჩინოთ მილიონობით სიცოცხლე ყოველწლიურად.

ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში მსოფლიო ორგანიზაციებმა, როგორებიცაა გაერთიანებული ერებისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციები, კიბო მიიჩნიეს, როგორც უკიდურესად აუცილებელი გლობალური პრობლემა და მათ განაწესში კიბოსთან ბრძოლამ დაიკავა მნიშვნელოვანი ადგილი.  მათ შორის, საქართველოში ყოველწლიურად ყველა ლოკალიზაციის კიბოს შემთხვევების რაოდენობა მერყეობს 9500-11000 ფარგლებში. ინციდენტობის მაჩვენებელი 100000 მოსახლეზე 258-ს. ახალი შემთხვევების 70% რეგისტრირებულია ყველაზე შრომისუნარიან ასაკობრივ ჯგუფში 30-70 წლამდე.

Comments
Loading...