სამეგრელოში სულ მალე შეშის ბრიკეტების საწარმო გაიხსნება

16

სათბობი შეშის დასამზადებლად ტყეების ჭარბი მოხმარება საქართველოსთვის უკვე ისტორიული პრობლემაა. შეშაზე არსებული მოთხოვნა რამდენჯერმე აჭარბებს მერქნის იმ მოცულობებს, რისი მოცემაც ტყეს ბუნებრივად შეუძლია. ამის მიუხედავად, ჭრის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენი არაფერში გამოიყენება. ესაა უზარმაზარი ენერგეტიკული ღირებულების ბიომასა, რომელიც ტყეში ნადგურდება.

ბიომასას მსოფლიოს წარმატებული ქვეყნები უკვე კარგად იყენებენ და ეს საქართველოსთვის სამაგალითო უნდა გახდეს. ბიომასა არის  ნარჩენების პროდუქტების ბიოდეგრადირებადი ნაწილი სოფლის მეურნეობიდან, სატყეო მეურნეობიდან და მასთან დაკავშირებული მრეწველობიდან, აგრეთვე სამრეწველო და მუნიციპალური ნარჩენების ბიოდეგრადირებადი წილი. ტყის შემთხვევაში, ჭრის შედეგად დარჩენილი ნარჩენისგან მზადდება ე.წ. თანამედროვე საწვავი, მათ შორის, ბრიკეტები, რომლებიც მაღალი კალორიულობით გამოირჩევა და მოსახმარადაც კომფორტულია.

უკვე დიდი ხანია ორგანიზაცია CENN დაინტერესებულია ბრიკეტების გამოყენების თემით და პროექტ „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის“ ფარგლებში ეხმარება „სს მარანს“ იმაში, რომ სამეგრელოში, კერძოდ კი აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანში ახმეტიდან ბრიკეტების ქარხანა გადაიტანოს, გამართოს და ამ გზით ქვეყანა მიიღებს ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიებით აღჭურვილ შეშის ბრიკეტების საწარმოს, რომელსაც წელიწადში 1700 ტონა ბრიკეტის წარმოება შეეძლება. პროცესი უკვე დაწყებულია და რამდენიმე დღეში დასრულდება საწარმოს გადატანის პროცესი.

“სს მარანის“ წარმომადგენელი, ირაკლი ონოფრიშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ აბაშაში უკვე ყველაფერი მზადაა საწარმოს ჩასატანად და გასამართად და ეს პროცესი ორი დღეა დაიწყო . პარალელურად, სამეგრელოში უკვე გაშენდა სწრაფმზარდი ხეები. საუბარია ე.წ.  ენერგეტიკულ პლანტაციებზე, სადაც მასობრივად დაირგო სპეციალური ჯიშის ალვის ხეები, რომლებიც იტალიიდან შემოიტანეს. ეს ხეები სრულ ზრდას 4-5 წელიწადში აღწევს და შემდეგ შესაძლებელია მათი გამოყენება.

ირაკლი ონოფრიშვილი: „ბრიკეტები მთელს მსოფლიოში უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ამ საქმეს სამომავლოდ დიდი პერსპექტივები აქვს. აბაშაში ჩვენი საწარმოს ამუშავება მოხდება მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც პლანტაციები მდებარეობს . ადამიანი პლანტაციიდან საწარმომდე ფეხით 5-10 წუთში მივა და ეს რა თქმა უნდა პროდუქტის ღირებულებაზეც დადებითად იმოქმედებს. ჩვენი ბრიკეტები იქნება განსხვავებული, გერმანული ტექნოლოგიით დამზადებული და სრულად შეესატყვისება ევროკავშირის სტანდარტებს. ჩვენი გათვლებით, წელიწადში 1700 ტონა ბრიკეტის წარმოებას შევძლებთ“.

პროცესში მონაწილეობას მიიღებს და აქტიურად ჩაერთვება ბრიკეტების ქარხნის მუშაობაზე და წარმოებაზე სპეციალიზებული უცხოელი ექსპერტი. ონოფრიშვილს დიდი იმედი აქვს, რომ ენერგეტიკული პლანტაციების გაშენებით მისი ორგანიზაცია ხელს შეუწყობს ბიომასის იმპორტის შემცირებას საქართველოში.

ინიციატივა ხორციელდება პროექტის – ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის  – ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის / Austrian Development Cooperation (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.

Comments
Loading...