სამეგრელოში მერქნული ბიომასის ბრიკეტების პირველი ქარხანა გაიხსნება

19

სათბობი შეშის დასამზადებალად ტყეების ჭარბი მოხმარება ჩვენთვის უკვე ისტორიული პრობლემაა. შეშაზე არსებული მოთხოვნა რამდენჯერმე აჭარბებს მერქნის იმ მოცულობებს, რისი მოცემაც ტყეს ბუნებრივად შეუძლია. ამის მიუხედავად, ჭრის შედეგად წარმოქმნილ ნარჩენს არაფერში ვიყენებთ. ესაა უზარმაზარი ენერგეტიკული ღირებულების მასა, რომელიც ტყეში უაზროდ ნადგურდება.

ბიომასას მსოფლიოს წარმატებული ქვეყნები უკვე კარგად იყენებენ და ეს საქართველოსთვის სამაგალითო უნდა გახდეს. ბიომასა არის ნარჩენების პროდუქტების და ნარჩენების ბიოდეგრადირებადი ნაწილი სოფლის მეურნეობიდან, სატყეო მეურნეობიდან და მასთან დაკავშირებული მრეწველობიდან, აგრეთვე სამრეწველო და მუნიციპალური ნარჩენების ბიოდეგრადირებადი ფრაქცია. ტყის შემთხვევაში, ჭრის შედეგად დარჩენილი ნარჩენისგან მზადდება ე.წ. თანამედროვე საწვავი, მათ შორის, ბრიკეტები, რომლებიც მაღალი კალორიულობით გამოირჩევა და მოსახმარადაც კომფორტულია..

სწორედ ამ საკითხების განხილვას ემსახურებოდა 10 დეკემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართული შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჩიქოვანი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ენერგეტიკული რეფორმებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარგალიტა არაბიძე, ორგანიზაცია CENN-ის პროექტების მენეჯერი რეზო გეთიაშვილი, CENN-ის წარმომადგენელი ვახტანგ ქოჩორაძე, „ბიომას ენერჯის“ საოპერაციო დირექტორი ირაკლი ონოფრიშვილი, WEG ENERGY-ს წარმომადგენელი ნატალია შათირიშვილი და სააქციო საზოგადოება „მარანი“-ს აღმასრულებელი დირექტორი იესპერ იორგენსენი იღებდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სხვადასხვა სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციების წამომადგენლები.

შეხვედრის მთავარი განსახილველი თემა იყო მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებები სოფლად და სააქციო საზოგადოება „მარანის“ ბრიკეტების ქარხნის მომავალი აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანში. ასევე განიხილეს ბიომასის ბაზრის განვითარება საქართველოში.

მერქნული ბიომასის ბრიკეტების და ზოგადად, მდგრადი ბიომასის ბაზრის განვითარების პოტენციალის შეფასებისას ძირითადი აქცენტი გაკეთდა საბიუჯეტო ორგანიზაციებში შეშის გამოყენების ჩანაცვლებისა და სახელმწიფო შესყიდვების მდგრად ბიომასაზე გადაწყობის შესაძლებლობებზე, ტყეებზე ენერგეტიკული ზეწოლის შემცირების მიზნით.

შეხვედრაზე „სს მარანმა“ წარმოადგინა თავისი გეგმა ბრიკეტების ქარხნის ამუშავებასთან დაკავშირებით, რაც ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ საქმეში კერძო ორგანიზაციას CENN-ის პროექტი „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის“ დაეხმარება. ამასთანავე, „სს მარანის“ წარმომადგენელს დიდი იმედი აქვს, რომ ენერგეტიკული პლანტაციების გაშენებით მისი ორგანიზაცია ხელს შეუწყობს საქართველოში ბიომასის იმპორტის შემცირებას.

„სს მარანს“ აქვს შესაძლებელობა, სამეგრელოსა და გურიაში გააშენოს სწრაფმზარდი ხეები. საუბარია ე.წ. ენერგეტიკულ პლანტაციებზე, სადაც მასობრივად დაირგვება გენმოდიფიცირებული ალვის ხეები, რომლებიც იტალიიდან შემოიტანეს. ეს ხეები სრულ ზრდას 4-5 წელიწადში აღწევს და შემდეგ შესაძლებელია მათი გამოყენება. „სს მარანი“ ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარე გაჩერებულ ბრიკეტების გარხანას გადაიტანს აბაშაში, სადაც, პლანტაციებსა და გადამამუშავებელ საწარმოებში, 60-მდე ადამიანი უნდა დასაქმდეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საჯარო და კერძო თანამშრომლობის ინიციატივების განვითარების, ალტერნატიული საწვავის ბაზრის შექმნისა და საჯარო უწყებების მდგრადი სათბობი რესურსით უზრუნველყოფის მხარდაჭერისთვის მულტიუწყებრივი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც პერიოდულად შეიკრიბება.

ინიციატივა ხორციელდება პროექტის – ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის – ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის / Austrian Development Cooperation (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.

Comments
Loading...