საკონსტიტუციო ცვლილებების თემაზე ბიზნესასოციაცების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

426

"დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ვიწრო წრეში, რათა განვიხილოთ ის აქტუალური თემები, რომელიც აწუხებს საქართველოს ბიზნესსაზოგადოებას. გვინდა, რომ დღევანდელი შეხვედრა იყოს მაქსიმალურად ღია, ეფექტური და შედეგიანი", – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნესასოციაცებთან გამართული შეხვედრის დაწყებისას განაცხადა, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესწრებოდა.

ბიზნესასოციაცების ხელმძღვანელების პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გაიმართა.

"იმ პროცესს, რაც საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს, ვგულისხმობ საკონსტიტუციო ცვლილებებს, პოზიტიურ ინიციატივებს, პოზიტიურ ძვრებს კავშირი აქვს საინვესტიციო გარემოსთან, ჩვენი ბიზნესის ყოველდღიურ ცხოვრებასთან. ჩვენ ვთხოვეთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, განგვეხილა ბიზნესის წრეში ეს საკითხები, რაზეც ის დაგვთანხმდა. ჩვენი ძირითადი მიზანი უნდა გამომდინარეობდეს ეკონომიკის სწრაფი ზრდიდან, რადგან ეს არის ძირითადი ამოცანა, სამუშაო ადგილების შექმნა არის ჩვენი ძირითადი პრიორიტეტი და ყველას კარგად გვესმის, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ზოგადად, ინვესტიციები ეკონომიკის ზრდის ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტიაა", – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ღონისძიების ორგანიზებისთვის ეკონომიკის მინისტრს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო კომისია მზად არის, თითოეული ის რეგულაცია, რომელიც შესაძლოა ამ კომისიის მუშაობის ფარგლებში გადაიხედოს, ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად განიხილოს.

"ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საკონსტიტუციო ცვლილებებზე და ვქმნით დემოკრატიული მმართველობის ახალ სისტემას. ჩვენ ვმუშაობთ ისეთ საკონსტიტუციო მოდელზე, რომელიც გამორიცხავს საქართველოში ნებისმიერი სახის ავტოკრატიის ჩამოყალიბებას.

კონსტიტუცია უნდა ემსახურებოდეს ორ ძირითად მიზანს, ეს არის პირველი: პლურალიზმი, დემოკრატიის უზრუნველყოფა და მეორე – სტაბილური მმართველობის სისტემის შექმნა. ჩვენი მიზანია საუკეთესო ბალანსი შევქმნათ ამ ორი ძირითადი მიზნით", – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Comments
Loading...