სათხის მონასტრის რეაბილიტაციაში საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთვნენ

29

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს საპატრიარქოს ეპარქიებსა და კომპანია “არემჯის” შორის 2017 წელს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში სათხის მონასტრის რეაბილიტაცია უკვე ერთი წლის მანძილზე მიმდინარეობს.

სამუშაოების პირველი ეტაპის დასრულებასთან დაკავშირებით 2019 წლის 26 თებერვალს სათხის მონასტერში “არემჯის” აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე ლიპარტია, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი, ბოლნისის თვითმმართველობა, პროექტის ინიციატორი და მონიტორინგის განმახორციელებელი საზოგადოებრივი გაერთიანება “საყდრისის კომიტეტის” წარმომადგენლები და იტალიელი რესტავრატორი, “იკრომის” (ICCROM – The International Centre for the Study of the Preservation and Restoration of Cultural Property) მიერ აღიარებული საერთაშორისო ექსპერტი სტეფანო ვოლტა იმყოფებოდნენ.

მონასტრის რეაბილიტაციის მე-2 ეტაპი 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყება და არქიტექტორულ-არქეოლოგიური ანაზომების შესაბამისობაში მოყვანას, ახლადაღმოჩენილი მასალის დამუშავებას და კონსტრუქციული გადაწყვეტის პროექტის მომზადებას მოიცავს.

სათხის მონასტერის ეროვნული მნიშვნელობისა და პროექტის მაღალი ხარისხით განხორციელების მოთხოვნის გათვალისწინებით, სარეაბილიტაციო სამუშაოებში იტალიელი ექსპერტი სტეფანო ვოლტა პირადად იქნება ჩართული. მას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სხვადასხვა სირთულისა და მნიშვნელობის ძეგლებზე საკონსერვაციო/სარესტავრაციო პროექტებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. 2019 წლის განმავლობაში სტეფანო ვოლტა უშუალოდ იქნება ჩართული ძეგლის კონსტრუქციული გამაგრების სამუშაოებში. ამავე პერიოდში ქვის საკონსერვაციო სამუშაოებისა და კედლის მხატვრობის გამაგრება მოხდება.

ძეგლთა დაცვის სააგენტოს, საქართველოს საპატრიარქოს შესაბამის ეპარქიებსა და კომპანია “არემჯის” შორის არსებული მემორანდუმით განსაზღვრული სამუშოაები 2021 წლამდეა გაწერილი და პროექტის საერთო ღირებულება შეადგენს 1 700 000 ლარს. მათ შორის, კონკრეტულად სათხის მონასტრის რეაბილიტაციის პროექტის დაფინანსებაზე კომპანია “არემჯი” 480 000 ლარს გამოყოფს.

ამავე მემორანდუმით გათვალისწინებული ეროვნული მნიშვნელობის ძეგლების რეაბილიტაციის პროცესის ეფექტურობისა და გამჭვირვალობის მიზნით, შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში ძეგლთა დაცვის სააგენტოსა და კომპანია “არემჯის” წარმომადგენლებთან ერთად ჩართული არიან სამოქალაქო სექტორის, კერძოდ კი საზოგადოებრივი გაერთიანება “საყდრისის კომიტეტის” წარმომადგენლები.

Comments
Loading...