სათხილამურო ფედერაცია საქართველოს თასის და ფრისტაილის ევროპის თასის ტურნირებს გამართავს

63

ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით საქართველოს სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლებმა დღეს პრესკონფერენცია გამართეს, სადაც 2019/2020 წელს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს.

საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კოსტავამ ბაკურიანი 2023 წლის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა დამსწრეებს. გააცნო ტექნიკური ნიუანსები და საორგანიზაციო საკითხები.

27-28 დეკემბერს მესტიაში 2020 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის პირველი ეტაპი გაიმართება. II-ეტაპი 10-12 იანვარი ბაკურიანშია დაგეგმილი. გუდაურში ჩატარდება III და IV-ეტაპები 6-8 მარტს და 20-22 მარტს, ხოლო V-ეტაპს 9-12 აპრილს სვანეთი უმასპინძლებს.

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში 2020 წლის 29 თებერვალსა და 1 მარტს გუდაურში FIS-ის ფრისტაილის ევროპის თასის ეტაპები სნოუბორდის პარალელურ სლალომსა და პარალელურ გიგანტურ სლალომში ჩატარდება. ეს სახეობები საქართველოში პირველად გაიმართება. სათხილამურო ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა ეკატერინე გაბაშვილმა და ფრისტაილის კომიტეტის უფროსმა ლევან მეტრეველმა დეტალურად ისაუბრეს შეჯიბრების საორგანიზაციო და პროცედურულ საკითხებზე. ეკატერინე გაბაშვილმა მთლიან პროცესში მოხალისეების ჩართულობაზე და მათი როლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ მათი გვერდში დგომით წარმატებით ჩაივლის ეს მეტად საპასუხიმგებლო ეტაპი.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა თამაზ გამცემლიძემ, კურორტების ხელოვნურად გათოვლიანების მნიშვნელობაზე და ამ საკითხის ტექნიკურად გამართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. უახლოეს პერიოდში ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება, რომელიც 2023 წლის ჩემპიონატისთვის, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად, ხელოვნური საფარის უზრუნველყოფას შეძლებს ბაკურიანის სათხილამური ტრასებზე. ასევე 2023 წლისათვის ბაკურიანს დაემატება სამი ახალი საბაგირო, რომელსაც გერმანული კომპანია „დოპელმაიერი“ აშენებს. მისი თქმით – სპორტსმენებისთვის განსაკუთრებული სავარჯიშო პირობების შექმნა იგეგმება, იმისთვის, რომ მოთხილამურეებმა სრულყოფილად შეძლონ ვარჯიში მთელი სეზონის განმავლობაში.

საქართველოს სათხილამურო ფედერაცია თასის ეტაპებს სხვადასხვა კურორტებზე უკვე ათი წელია მართავს მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელშეწყობით. ფედერაციას გენერალურ სპონსორობას მეათე წელია უწევს კომპანია „სილქნეტი“.

Comments
Loading...