“საეჭვოა, რატომ არ აქვეყნებს “ესკო” იმპორტირებული ელექტროენერგიის ჩაშლილ ტარიფებს”

5

„მიჩნდება  გონივრული ეჭვი, რომ „ესკოს“ მხრიდან, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს საეჭვო გარიგებებს“, – ამის შესახებ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ (აფბა) ხელმძღვანელმა, გიორგი კაპანაძემ განაცხადა. მისი თქმით, „ესკო“ ჯიუტად განაგრძობს ელექტროენერგიის იმპორტის მხოლოდ საშუალო შეწონილი ტარიფების გამოქვეყნებას და თავს არიდებს დღის, ღამის და უქმე დღეების მონაცემების გასაჯაროებას. „კომერსანტი“ გთავაზობთ  ინტერვიუ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ხელმძღვანელთან.

2018 წლიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოში „ინტერ რაოს“ შვილობილი კომპანია დაფუძნდა, რუსეთიდან იმპორტი იზრდება. ეს ტენდენცია მზარდ ხასიათს ინარჩუნებს. ეს პროცესი მართლდება იმით, რომ რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგია გაცილებით იაფია სხვა მომწოდებელი ქვეყნების პირობებთან შედარებით. რამდენად სწორია ეს მოასაზრება?

  • მე ამ პრობლემას ცოტა სხვა რაკურსით შევხედავდი – გაურკვევლობას და პრობლემას, უპრველეს ყოვლისა, ქმნის „ესკოს“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემების არასრულობა. საქმე ის არის, რომ ელექტროენერგიის იმპორტთან დაკავშირებით „ესკოს“მიერ გასაჯაროებული მონაცემები, არ ასახავს რეალურ სურათს და შესაბამისად, არ იძლევა სწორი ანალიზის გაკეთებას საშუალებას. ანუ, თქვენს კითხვაზე – რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგია  რეალურად იაფია თუ არა  სხვა მომწოდებელი ქვეყნების პირობებთან შედარებით, „ესკოს“ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით გამართული პასუხის  გაცემა შეუძლებელია.

თქვენმა ორგანიზაციამ – ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ „ესკოს“ მიმართა თხოვნით, რომ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წესის შესაბამისად მოგაწოდოთ ბოლო წლებში იმპორტირებული ელექტროენერგიის ჩაშლილი ტარიფები. რა მოლოდინი გაქვთ, მიიღებთ „ესკოსგან“  მოთხოვნილ ინფორმაციას?

  • სამწუხაროდ, ნაკლებად მაქვს ამის იმედი. კანონით განსაზღვრული ვადა „ესკოს“ 2 დღეში ეწურება, მაგრამ სკეპსისს მიმყარებს ის ფაქტი, რომ „ესკოს“ ამ ინფორმაციიის მოსაწოდებლად რეალურად ესაჭიროება სულ რამდენიმე საათი. ფაქტია, პასუხის გაცემამდე დროს მაქსიმალურად, ასე ვთქვათ, წელავს. ამასთან,  „ესკო“ უარს ამბობს მედიასთან ამ თემაზე ღია საუბარზე არგუმენტად ჩემთვის ამ შემთხვევაში სრულიად გაუგებარი კონფიდენციალურობის და კომერციული საიდუმლოებების ფაქტორები მოჰყავს.

არადა, უბრალოდ და ელემენტარულად გაუგებარია, მაშინ, როცა „ესკო“ გადაწყვეტილებაზე მუშაობს სწორედ დღის, ღამის და უქმე დღეების საიმპორტო ფასების, ანუ  საკონტრაქტო ფასის მიხედვით, რატომ არიდებს თავს მიღებული გადაწყ ვეტილების შესახებ ინფორმაციის სწორედ ასეთსავე ფორმატში გასაჯაროებას.

ფაქტია, მის მიერ გამოქვეყნებული საშუალო შეწონილი ტარიფები არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სრულფასოვანი ანალიზი გაკეთდეს, ობიექტურად და მართებულად ხდება თუ არა ქვეყანაში ელექტროენერგიის იმპორტი.

ბუნებრივია, გვიჩნდება  გონივრული ეჭვი, რომ „ესკოს“ მხრიდან, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს საეჭვო გარიგებებს.

როგორ ფიქრობთ, თუკი რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი მართლაც იაფია, პოლიტიკური მომენტის გამო სახელმწიფომ მაინც უარი უნდა თქვას ამ შესაძლებლობაზე?

  • აქ ორი აზრის არსებობაც კი გამორიცხულია. რა თქმა უნდა, საქართველომ დროის ამა თუ იმ კონკრეტულ მონაკვეთში ელექტროენერგია უნდა შემოიტანოს იმ კონკრეტული მომწოდებელი ქვეყნიდან (ასეთი სულ ოთხია – რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და სომხეთი), საიდანაც იმ მომენტისთვის ყველაზე უკეთესი პირობებია. გადაწყვეტილების მიღებისას, ბუნებრივია გათვალისწინებული უნდა იქნას და არის, და არის კიდეც გათვალისწინებული, როგორც წესი, სეზონურობა (ზვავსაშიშროების ფაქტორი, როცა ზამთრის პერიოდში რუსეთზეა საუბარი), გადამცემი ხაზების სიმძლავრეები და მათი ავარიულად გამორთვის რისკები (მესხეთის გადამცემი ხაზის გუშინდელი ავარიული გამორთვაც კმარა ამის საილუსტრაციოდ), პარალელური რეჟიმების შესაძლებლობები და სხვა ნიუანსები და რა თქმა უნდა, მთავარი – ფასი. ფასი, როემლიც შედგება დღის, რამის და უქმე დღების ფასების ერთობლიობისგან და ჯამში წარმოადგენს საკონტრაქტო ფასს. სწორედ ამ ფასს არ ასაჯაროებს „ესკო“ და ეს რბილად რომ ითქვას, გაუგებარია.

რაც შეეხება საკუთრივ რუსული ელექტროენერგიის სიიაფეს. მაგალითად, 2021 წლის იანვარში, როცა რუსეთში ლამის ნახევარი თვე უქმე დღეებია და ამიტომ  მათი საექსპორტო ფასი იყო შედარებით დაბალი და  შეადგინა 4.1/4.1/7.8  ცენტი. გასაგებია, რომ 4.1 არის ღამის და უქმე დღის ტარიფი, ხოლო 7.8 ცენტი დღის ტარიფი. იმავე იანვარში აზერბაიჯანიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასი იყო 3.9/3.9/5.4 „ესკომ“ იანვარში რუსეთიდან ელექტროენერგია სწორედ იქაურ უქმე დღეებში შეისყიდა, ხოლო მაშინ როცა რუსეთში დღის ტარიფი 7.8  ცენტი იყო, ელექტროენერგია აზერბაიჯანიდან ვიყიდეთ. ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. რაც შეეხება თებერვალში განხორციელებულ იმპორტს, საქართველომ ელექტროენერგია იყიდა აზერბაიჯანიდან 4.4/4.4/4.4- ად. რუსეთის ტარიფი თებერვალში იყო 3.5/3.7. 7.8. – ანუ, საშუალოდ 5.5-5.7 ცენტი (რუსეთიდან იმპორტი მხოლოდ დე ფაქტო აფხაზეთის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად განხორციელდა და მასში საართველოს ფული არ გადაუხდია). ნათლად ჩანს, რომ „ესკოს“ აქაც სწორი გადაწყვეტილება აქვს მიღებული, როცა იმპორტი აზერბაიჯანიდან განახორციელა.

შესაბამისად, მართლაც გაუგებარი და პრაქტიკულად საღ აზრს მოკლებულია, როცა „ესკო“ თავს იკავებს ჩაშლილი ტარიფების გასაჯაროებისგან. რეალურად ეს ტარიფები არ იმალება და არც უნდა დაიმალოს. უბრალოდ, „ესკოს“  ამგვარი მიდგომით ანალიტიკოსები, მათ შორის „აფბას“ ენერგოპოლიტიკაზე მომუშავე ჯგუფი,  გარკვეული დაგვიანებით  აღვიქვამთ რეალურ სურათს და ბუნებრივია, თუ გამოჩნდება და აღმოჩნდება, რომ „ესკოს“მიერ შეუსაბამო და დამაზიანებელი გადაწყვეტილება იქნა მიღებული,  ამ ფაქტს მაინც სათანადო რეაქციას მივცემთ.

ას გულისხმობთ სათანადო რეაქციაში?

  • ამ ეტაპზე, ვგეგმავთ, რომ ვითარების აბსურდულობა  საჯაროდ, ღია წერილის ფორმატში ავუხსნათ პრემიერ-მინისტრს და რამდენადაც „ესკო“, ფაქტია, ჩვენს სრულიად ლეგიტიმურ მოთხოვნას იგნორირებით პასუხობს, უკვე პრემიერსგან მოვითხოვოთ ადეკვატური გადაწყვეტილების მიღება. ამ ნაბიჯის გადადგმას უახლოეს დღეებში ვგეგმავთ.
Comments
Loading...