საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო “Fitch”-მა “საპარტნიორო ფონდის” რეიტინგი “BB/სტაბილურამდე” გაზარდა

29

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო “Fitch”-მა “საპარტნიორო ფონდის” საქმიანობა დადებითად შეაფასა და 2019 წლის სარეიტინგო ანგარიშში ასახა. “Fitch”-მა ფონდის მაჩვენებელი გააუმჯობესა და “BB-“- დან “BB/სტაბილურამდე” გაზარდა.

სახელმწიფოს უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტის რეიტინგის ზრდა ინვესტორებისთვის სერიოზული სიგნალია. “საპარტნიორო ფონდთან” თანამშრომლობა პოტენციური პარტნიორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება. “Fitch”-ის მიერ “საპარტნიორო ფონდისთვის” რეიტინგის “BB/სტაბილურამდე” გაზარდა საქართველოში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმების ეფექტიანობას ადასტურებს, რაც ქვეყნის საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე აისახება.

“Fitch”-ის ანგარიშში საუბარია საქართველოს პოზიციონირებისა და „საპარტნირო ფონდის“ როლის შესახებ. კერძოდ, ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან ისეთ სექტორებში, როგორებიც არის სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, მრეწველობა, უძრავი ქონება და ტურიზმი.

“Fitch”-ის 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, კერძო და სახლმწიფო ფონდების ოპერირების ნაწილში “საპარტნიორო ფონდის” სტრუქტურა, მენეჯმენტი და ოპერირების არეალი დადებითად არის შეფასებული. აღსანიშნავია, რომ “Fitch”-ის რეიტინგებში “საპარტნიორო ფონდის” რეიტინგი ყოველწლიურად უტოლდება საქართველოს სუვერენულ რეიტინგს და ამჟამად იგი “BB”-ს შეადგენს.

მნიშვნელოვანია, რომ “საპარტნიორო ფონდისთვის” ამ ეტაპზე “BB /სტაბილური პროგნოზით” წარმოადგენს მაქსიმუმს, რაც შეიძლება მიღწეულ იქნას “Fitch”-ისგან, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც სახელმწიფო საწარმო თავად სახელმწიფოზე მჭიდროდაა ინტეგრირებული საერთაშორისო ბაზრებთან. მნიშვნელოვანია, რომ ფონდის მსგავსი ტიპის საწარმოებისთვის სუვერენული რეიტინგი ზედა ზღვარს წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „Fitch“-მა საქართველოს პოზიციონირება გააუმჯობესა და “BB-” დან “BB”-ზე დააფიქსირა “სტაბილური პროგნოზით”. “ქვეყნის დიდი წარმატება”, – ასე აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია “Fitch”-ის მიერ საქართველოს პოზიციის “BB” დონემდე გაზრდას.

“დღევანდელი მონაცემებით, ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა ფართო რეგიონში, რომელიც “Fitch”-ის რეიტინგში დაწინაურდა. ეს დაწინაურება ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ეკონომიკა უფრო მეტად კონკურენტუნარიანია, ჩვენ შევძლებთ მეტი ინვესტიციის მოზიდვას და მეტი სამუშაო ადგილის შექმნას; ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ეკონომიკაში უკვე ნაკლები რისკი გვაქვს, რაც აისახება იმაზე, რომ საპროცენტო განაკვეთები კრედიტებზე კიდევ უფრო გაიაფდება”,- განაცხადა ბახტაძემ.

“Fitch”-ი “Moody’s”-ის შემდეგ მეორე შემფასებელია, რომელმაც საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი გაუუმჯობესა. საქართველოს საინვესტიციო რეიტინგის მიღებამდე 2 საფეხური აკლია.

Comments
Loading...