საბერძნეთმა ევროკავშირის, შენგენის და კიდევ ხუთი ქვეყნის ტურისტებისთვის სავალდებულო კარანტინი გააუქმა

6

საბერძნეთმა მოხსნა სავალდებულო შვიდდღიანი კარანტინი ევროკავშირის წევრი და შენგენის ზონის ქვეყნებისთვის, ასევე გაერთიანებული სამეფოსთვის, შეერთებული შტატებისთვის, არაბთა გაერთიანებული საემიროებისთვის, სერბეთისა და ისრაელისთვის. ამის შესახებ ნათქვამია მინისტრთაშორის გადაწყვეტილებაში, რომელიც მთავრობის ბიულეტენში გამოქვეყნდა.

მასში ნათქვამია, რომ ამ ქვეყნების მუდმივი მაცხოვრებლებისთვის დაწესებულია სპეციალური პირობები. 19 აპრილიდან მათ ნებადართული აქვთ საბერძნეთში კარანტინის გავლის გარეშე შესვლა, თუ აქვთ კორონავირუსის უარყოფითი ტესტის შედეგი, ან ვაქცინაციის სერტიფიკატი.

საბერძნეთის მთავრობის სპიკერმა არისტოტელია პელონიმ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საბერძნეთი მოხსნის სავალდებულო შვიდდღიან კარანტინს ტურისტებისთვის რიგი ქვეყნებიდან. პელონი განმარტავს, რომ ტურისტები, ისევე როგორც საბერძნეთის მაცხოვრებლები, ვერ შეძლებენ გადაადგილებას ქვეყნის რეგიონებს შორის, კვების ობიექტები არ იქნება ღია სპეციალურად ტურისტებისთვის. კაბინეტის წარმომადგენლის თქმით, ტურსტებისთვის სასტუმროებში იქნება კვება უზრუნველყოფილი.

საბერძნეთში, გასული წლის 7 ნოემბრიდან, კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის მიზნით მოქმედებს კარანტინი. ხუთ თვეზე მეტია, რაც ქვეყანაში აღარ მუშაობს კინოთეატრები, მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები, სპორტული ობიექტები, ღამის და ცეკვის კლუბები და სხვა მსგავსი ობიექტები. დამცავი პირბადის ტარება სავალდებულოა როგორც შენობაში, ისე გარეთ. საღამოს და ღამით ქვეყანაში კომენდანტის საათია.

საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 315,273 ადამიანს მიაღწია, ხოლო 9 462 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო პერიოდში, ექსპერტების აზრით, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება სტაბილურია. ხელისუფლება მოხსნის გარკვეულ შეზღუდვებს, კერძოდ, დასახლებებს შორის გადაადგილებასთან დაკავშირებით.

საბერძნეთის ტურიზმის მინისტრის განცხადებით, 14 მაისიდან საბერძნეთში ოფიციალურად გაიხსნება ტურისტული სეზონი და გაუქმდება უმეტესი შეზღუდვები.

Comments
Loading...