რუსულმა Forbes-მა ყველაზე გავლენიანი რუსი მაღალჩინოსნების რეიტინგი გამოაქვეყნა

56

რუსულმა Forbes-მა ყველაზე გავლენიანი რუსი მაღალჩინოსნების, ტოპ-მენეჯერების, უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებისა და ბიზნესმენების პირველი რეიტინგი შეადგინა.

რეიტინგში სულ 100 ადამიანია, რომელთა შორის ლიდერი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია, რომელიც ყველაზე გავლენიანი ადამიანების გლობალურ რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს.

პუტინს კი მოსდევს "სბერბანკის" სამმართველოს თავმჯდომარე გერმან გრეფი, "გაზპრომის" სამმართველოს თავმჯდომარე ალექსეი მილერი, "როსნეფტის" ხელმძღვანელი იგორ სეჩინი და რუსეთის პრემიერმინისტრი დმიტრი მედვედევი. რეიტინგის მეექვსე ადგილზეა "სურგუტნეფტგაზის" გენერალური დირექტორი ვლადიმირ ბოგდანოვი, შემდეგ რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე ელვირა ნაბიულინა, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების ბიუროს დირექტორი ალექსანდრ ბორტნიკოვი და ათეულში აგრეთვე მოხვდა "ლუკოილის" პრეზიდენტი ბაგიტ ალეკპეროვი.

ყველაზე გავლენიანი რუსი ადამიანები ლონგ-ლისტიდან შეირჩა, რომელშიც დაახლოებით 1500 ადამიანი, მათ შორის ქვეყნის ყველაზე მდიდარი 200 ბიზნესმენია მოხვედრილი.

Forbes-ის ლონგ-ლისტში მოხვედრილი ყველა პირი რამდენიმე პარამეტრით შეაფასეს, რომელთან შორის არის ქონების მოცულობა, საბანკო აქტივების რაოდენობა, აგრეთვე სხვა ადამიანების ცხოვრებაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა და ქვეყნის პარტიასთან, ან პრეზიდენტთან დაახლოებულობა.

2018 წელს, ამერიკულმა Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის ლიდერიც, პირველად ბოლო 5 წლის განმავლობაში არ გამხდარა ვლადიმირ პუტინი. რეიტინგის სათავეში ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი ჩადგა, ხოლო დონალდ ტრამპი, რომელიც აქამდე რეიტინგის მეორე ადგილს იკავებდა, მესამე ადგილზე დაეშვა.

Comments
Loading...