“როსნეფტი” rbc-სგან, კომპენსაციის სახით, 3 მილიარდი რუბლის ნაცვლად 390 000-ს მიიღებს

579

მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლომ კომპანია “როსნეფტის” მიერ მედიაჰოლდინგ rbc-ის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი ნახევრად დააკმაყოფილა. ნავთობის გიგანტური კომპანიას კომპენსაციის სახით 390 ათას რუბლს, ანუ დაახლოებით 6300 დოლარს მიიღებს. თავდაპირველად “როსნეფტს” მედიაჰოლდინგისგან, საქმიანი რეპუტაციისთვის ზიანის მიყენების მიზნით, 3,178 მილიარდი რუბლის მიღება სურდა. აღნიშნულის შესახებ BBC იუწყება.

გარდა ამისა, rbc-ის ჟურნალისტებმა, რომლებიც აღნიშნულ სარჩელში იღებდნენ მონაწილეობას, კომპანიას კომპენსაციის სახით 4.5 ათას რუბლს გადაუხდიან. სასამართლომ რუსულ მედიაჰოლდინგს აგრეთვე დააკისრა, რომ აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ, rbc-მ საიტიდან უნდა წაშალოს ის სტატია, რომელსაც აღნიშნული სასამართლო პროცესი მოჰყვა და აგრეთვე უნდა გამოაქვეყნოს ახსნა-განმარტებითი სტატია.

“როსნეფტის” წარმომადგენელმა, სასამართლო პროცესისას განაცხადა, რომ კომპანიას მედიაჰოლდინგისგან საკუთარი რეპუტაციის 0.49%-ის აღება სურდა. ამგვარად, “როსნეფტმა” საკუთარი რეპუტაცია 648.5 მილიარდ რუბლზე, ანუ დაახლოებით 10.5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტად შეაფასა.

rbc-ს ადვოკატმა კი პასუხად, კომპანია მედიაჰოლდინგისთვის ქონებრივი ზარალის მიყენების მცდელობაში დაადანაშაულა.

rbc-ს დირექტორმა იურიდიულ საკითხებში ტიმოფეი შჩერბაკოვმა, პროცესის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მედიაჰოლდინგი უკმაყოფილოა საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ გამოტანილი ვერდიქტით. “გასაჩივრების შესახებ გადაწყვეტილებას მას მერე მივიღებთ, რაც ვერდიქტის ოფიციალურად გამოქვეყნებულ ტექსტს ვნახავთ”, – აღნიშნავს ადვოკატი.

როგორც BBC აღნიშნავს, “როსნეფტის” წარმომადგენლებმა პრესასთან ურთიერთობაზე უარი განაცხადეს.

აღნიშნული პროცესის მიზეზი rbc-ის მიერ, 11 აპრილს გამოქვეყნებული სტატია გახლავთ, სადაც აღნიშნულია, რომ “როსნეფტის” პრეზიდენტი იგორ სეჩინი შიშობს, რომ კომპანია BP, “როსნეფტის” აქციების 19,5%-ის პრივატიზაციის მეშვეობით ბლოკირებად პაკეტს მოუყრის თავს. აღნიშნული ინფორმაცია მედიაჰოლდინგმა ანონიმურ ფედერალურ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით გაავრცელა. ამ ეტაპზე, კომპანია BP “როსნეფტის” აქციების 19,75%-იანი წილის მფლობელია.

გამოცემის ინფორმაციის მიხედვით, სეჩინმა რუსეთის ხელისუფლებას სთხოვა, რომ კომპანიის აქციები ბაზარზე არ გაეყიდა და აზიის ფონდებს შორის მინიმუმ ორი მყიდველი მოეძებნა.

აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნებისთანავე, კომპანია “როსნეფტმა” უარყო ეს ინფორმაცია.

Comments
Loading...