რომის პაპი ესტონეთის ელექტრონული რეზიდენტი გახდა

86

რომის პაპმა ფრანცისკემ, ბალტიისპირეთში ვიზიტისას, ესტონეთის ვირტუალური რეზიდენტის დამადასტურებელი მოწმობა მიიღო.

ციფრული მოწმობა, კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელს ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა გადასცა. რომის პაპი ქვეყნის 37 647-ე რეზიდენტი გახდა.

ესტონეთში ციფრული რეზიდენტობა 2014 წელს გაიშვა და იგი უცხოელი მოქალაქეებისთვის, ქვეყნის ელექტრონულ მომსახურებაზე დაცულ წვდომას უზრუნველყოფს.

ამავდროულად, ესტონეთის ვირტუალური რეზიდენტის სტატუსი არ გაძლევს ქვეყანაში ცხოვრების და იქ, ან ევროკავშირში შესვლის უფლებას. მასზე არ არის დატანილი ფოტო. ციფრული ID არ არის ფიზიკური დოკუმენტი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ან რაიმე სახის გასამგზავრებელი დოკუმენტი.

ვირტუალური რეზიდენტის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა გადაიხადო 100 ევრო და წარადგინო პასპორტის ასლი. 37 ათასი ესტონეთის ელექტრონული რეზიდენტის სტატუსის მფლობელის 10% ფინეთის მოქალაქეები არიან, ხოლო მეორე ადგილზე რუსები არიან – 6%-ით. მათ მოსდევს უკრაინა, აშშ, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და კიდევ სხვა ქვეყნები.

ელექტრონული ID-ის ცნობილი მფლობელები არიან იაპონიის პრემიერმინისტრი სინძო აბე, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და ლუქსემბურგის პრემიერმინისტრი ქსავიე ბეტელი.

Comments
Loading...