რომა რცხილაძე: „ჯისიეის“ მუშაობით არ ვიყავი კმაყოფილი, „გერაში“ ბევრად დაცულად ვგრძნობ თავს როგორც ავტორი

38

საავტორო უფლებების დაცვაზე უკვე ბევრს საუბრობენ  ქართველი მუსიკოსები, ავტორები და შემსრულებლები. ისინი უკმაყოფილოები არიან უფლებადამცველი ორგანიზაციის „ჯისიეის“ საქმიანობით და დიდმა ნაწილმა საავტორო უფლებების დამცველი ახალი ასოციაცია „გერა“ დააფუძნა.

„ჯისიეის“ ბევრი წევრი ახალ ასოციაციაში გადავიდა და აცხადებენ, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს არჩევანის თავისუფლება, თუ ვის ანდობენ საკუთარი უფლებების დაცვას. ძველი ასოციაციის პრეზიდენტი გიგა კობალაძე აცხადებს, რომ კანონმდებლობით მის ორგანიზაციას ამ სფეროში საქმიანობის ექსკლუზიური უფლება აქვს.

მუსიკოსების ჯგუფმა უკვე მიმართა პარლამენტს და საავტრორ უფლებების დაცვის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა მოითხოვა. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში ამ საკითხზე სპეციალური მოსმენა გაიმართა და პარლამენტში სამუსაო ჯგუფის სქმნაზე იმსჯელეს.

„აიპრესი“ ამ თემებზე ავტორს და შემსრულებელს რომა რცხილაძეს ესაუბრა:

– თქვენ სხვა მუსიკოსებთან ერთად დატოვეთ კომპანია „ჯისიეი“ და გადახვედით ახალშექმნილ ასოციაცია „გერაში“. რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?

„გერაში“ იმიტომ გადმოვბარგდი,რომ ბევრად უკეთესი პირობებია და ბევრად დაცულად ვგრძნობ თავს, როგორც ავტორი. “ჯისიეის“ მუშაობით  არ ვიყავი კმაყოფილი, რადგან შერურაცხყოფილად  ვგრძნობდი თავს, ვერ ვიღებდი იმას, რაც მეკუთვნოდა და ამიტომაც ვარ იქ სადაც ვარ.

„გერაში“აბსოლუტურად ყველაფერი ღიაა. მეტსაც გეტყვით, „გერას“ შემადგენლობა უჩვენოდ არაფერს არ წყვეტს, ყოველთვის გვიკავშირდებიან და აზრს გვეკითხებიან, გვაქვს ერთმანეთთან მუდმივი კომუნიკაცია. ზუსტად ვიცი, რომ იქ არცერთი პროცენტი  მოტყუებული არ ვიქნები და არც ვარ.

„ჯისიეის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ ყოვლად დაუშვებელია ორმა კომპანიამ დაიცვას საავტორო უფლებები, რადგან ეს ერთი ფანჯრის პრინციპი აღარ იქნება. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

რაც  უფრო მეტი მსგავსი კომპანია იქნება, მით უკეთესია ავტორებისთვის, რადგან  არჩევანის საშუალება ექნებათ.  „ჯისიეიში“ არათანაბრად ხდებოდა იმ თანხების გადანაწილება, რაც ჩვენი კუთვნილებაა.

დიდი იმედი მაქვს  „გერა“ შეინარჩუნებს  გამჭვირალეობის იმ პრინციპს, რაც დღემდე არის. საოცარი შემადგენლობაა და ყველანაირად ზრუნავენ იმისათვის, რომ ავტორებმა თავი კომფორტულად ვიგრძნოთ.

– პარლამენტის საკომიტეტო სხდომაზე გადაწყდა, რომ  უმოკლეს ვადაში შეიქმნება მუშა ჯგუფი და დეტალურად  შეისწავლიან  არსებულ პრობლემებს. როგორ ფიქრობთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი, რა მოლოდინი გაქვთ?

დიდი იმედი მაქვს დადებითად  გადაწყდება ეს საკითხი და ვისაც უნდა „ჯისიეის“ აირჩევს და  ვისაც უნდა „გერას“, რომ  ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას საავტორო უფლებებში მონოპოლია.

Comments
Loading...