რომან გოცირიძე: ლარის კურსთან დაკავშირებით ხანძარი უნდა ჩააქრონ, მაგრამ ჩაქრობის ყველა საშუალება გადაყარა მთავრობამ და სებ-მა (ინტერვიუ)

6

ლარის კურსმა უკვე „ტრადიციად“ ქცეული გაუფასურება დაიწყო და ყოველდღიურად უფასურდება. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსის თანახმად 1 დოლარის ყიდვა 3.4464 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო 1 ევრო 4.0424 ლარი ღირს. ლარის კურსის გაუფასურება კიდევ უფრო აუარესებს ადამიანების ცხოვრებას, რადგან ეს ავტომატურად იწვევს ფასების ზრდას და სამომხმარებლო კალათის ფასი კიდევ უფრო იზრდება.

მთავრობა ხელს ოპოზიციისკენ იშვერს და აცხადებენ, რომ ამის მიზეზია ის, რომ ქვეყანაში სტაბილური პოლიტიკური გარემო არ არის. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე კი ამბობს, რომ ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის, მაგრამ მთავარი პრობლემა მთავრობასა და ეროვნულ ბანკშია. გოცირიძემ წამოიწყო კამპანია ლარის დღე.

რას გულისხმობს გოცირიძის „ლარის დღე“, რით არის განპირობებული მისი აქტიურობა და ვისი ბრალია შექმნილი მდგომარეობა ლარის კურსთან მიმართებით? – ამ და სხვა საკითხებზე „აიპრესთან“ ინტერვიუში რომან გოცირიძე საუბრობს:

_ გასაგებია, რომ ლარი გაიქცა, რაც თითოეულ ჩვენგანს მძიმედ აწვება, მაგრამ ზედმეტად აქტიური ხართ დღეს სოციალურ ქსელში. ამდენი პოსტის გამოქვეყნება რითია განპირობებული?

_ იმიტომ, რომ ძალიან ბევრი არაზუსტი ინფორმაცია ვრცელდება და ხდება სუბიექტური ინტერპრეტაციების გავრცელება ლარის კურსთან დაკავშირებით. ძირითადად პასუხები ლარის გაუფასურებაზე ამ 8 წლის განმავლობაში არის ის, რომ საგარეო ფაქტორები მოქმედებს. ბუნებრივია ლარი დაკავშირებულია უცხოურ ვალუტასთან და ის მოქმედებს, მაგრამ როდესაც ჩავუღრმავდებით, დავინახავთ, რომ საგარეო ფაქტორზე მეტად საშინაო ფაქტორები მოქმედებს. ანუ ის შეცდომები, რომელსაც წლების განმავლობაში უშვებდნენ მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი მთავრობა.

დღეს უკვე კრიტიკულ ნიშნულამდეა მისული და მთავრობამ ოპოზიციას დააბრალა. თქვა, რომ ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური ვითარების ბრალიაო. რა თქმა უნდა ესეც არის ერთ-ერთი ფაქტორი, მაგრამ ეს არ არის მთავარი მიზეზი იმაზე, რაც ახლა ლართან მიმართებით ხდება.

ამიტომ, როგორც კომუნისტების დროს იყო ხუთშაბათ დღე, როდესაც იყო თევზის დღე. მაღაზიებსა და კვების ობიექტებზე ხორცი არ იყიდებოდა და თევზი უნდა ეჭამა ხალხს. დღეს მე გამოვაცხადე ლარის დღე. დილიდან დაწყებული ღამის 12 საათამდე თითო პოსტს დავდებ დროგამოშვებით იმ საკითხების ასახსნელად თუ სად არის ლარის გაუფასურების ობიექტური მიზეზები და სად სუბიექტური. სად არის საგარეო ფაქტორი და პანდემიის როლი, რაც ბუნებრივია მოქმედებს და სად არის საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის დაშვებული შეცდომები.

_ ნათია თურნავამ დააბრალა ეს ოპოზიციას და მისი განცხადება რამდენად სწორი იყო?

_ რა თქმა უნდა არასერიოზული განცხადებაა, რომ ოპოზიციას გადააბრალო, თუმცა ასეთი რამე არაერთხელ ყოფილა, როდესაც ხან ოპოზიციას აბრალებდნენ, ხან ჟურნალისტებს და ხან კიდევ ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს და ა. შ. ანუ ლარის გაუფასურების ობიექტური მიზეზების გარდა სუბიექტური მიზეზები. ეს არის მთავრობის მხრიდან არაფრის გაკეთება.

_ ამ პროცესმა ისიც ხომ არ გვაჩვენა, რომ ეროვნულ ბანკში ცვლილებებია საჭირო და რეფორმირება სჭირდება ამ ინსტიტუციას?

_ მე ახლა მთავრობაზე ვლაპარაკობდი. მთავრობის საბიუჯეტო პოლიტიკა ანუ ფისკალური პოლიტიკა, რომელიც საბიუჯეტო და საგადასახადო პოლიტიკას ნიშნავს, მაგრამ მეორე მხრივ ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ე. წ. იაფი ფულის პოლიტიკა არასწორია. ლარის კურსი ყიდვა-გაყიდვის შესაბამისად დგება. ანუ, როგორც დგება თხილის ან ვაშლის ფასი, ასევეა ფულიც და ფულიც ყიდვა-გაყიდვის ობიექტია. რა ფასი დაედება ლარს, ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენია მოთხოვნა მიწოდება.

როდესაც ამბობენ, რომ ტურიზმიდან დოლარები არ შემოვიდა და ამის ბრალია, ესეც არასწორია. ტურიზმიდან 3 მილიარდი როდესაც შემოვიდა და ინვესტიციები სარეკორდო იყო, მაშინ გაუფასურდა ლარი ყველაზე მეტად. ანუ დამოკიდებული კი არ არის მხოლოდ იმაზე, რა რაოდენობის ვალუტა შემოედინება, არამედ რა რაოდენობის ლარი გაქვს მიმოქცევაში. მთავრობის მიერ ნასესხები ფულის კომერციულ ბანკებში დადება, საპენსიო ფონდის კომერციულ ბანკებში დადება, ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების სესხების გულუხვად გაცემა და ეროვნული ბანკის მიერ მარეგულირებელი ნორმების გამკაცრება. ეროვნული ბანკის მიერ არასწორად ჩატარებული ინტერვენციები ანუ დოლარის გაყიდვის ცუდი ტექნიკა, მუდამ უკან მიდევნებული ლამპრის როლის თამაში, მაშინ როდესაც დოლარი უნდა გეყიდათ დროზე, ან შეიძლება წინმსწრებად. ეს ქმნის აჟიოტაჟს. ახლა ეროვნულ ბანკს აუცილებლად მოუწევს უცხოური ვალუტების გაყიდვა. სხვა გამოსავალი არ არის.

_ უშველის ეს საქმეს და მცირედით მაინც დაარეგულრებს?

_ ამ ეტაპზე მთავარი ამოცანა არის არა ცუდი გაყვანილობის გამო რემონტის განახლება, რამაც ხანძარი გამოიწვია, არამედ მთავარია ხანძრის ჩაქრობა და შემდეგ უნდა დაიწყოს ელექტრო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. დღეს უნდა ჩააქრონ ხანძარი, მაგრამ მისი ჩაქრობის ყველა საშუალება გადაყარა მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა, გარდა ერთადერთისა და ეს არის ინტერვენციები. ეს არის წყალი, რომელიც ვედროებით უნდა მიასხა. მათ რომ ინტერვენციები დროზე გაეკეთებინათ და წინმსწრებად ორჯერ ნაკლები რეზერვების გამოყენება დასჭირდებოდათ. ამიტომ, დღეს ერთადერთი გამოსავალი ინტერვენციების რაც შეიძლება სწრაფად გაკეთებაა.

Comments
Loading...