რომან გოცირიძე: ისევ აბოლებენ ხალხს, თითქოს თურქული ლირის გუშინ გაუფასურება დღესვე აუფასურებდეს ლარს

4

“ხელისუფლების ტრადიციული ინტერპრეტაცია არის თავის მართლება, ყბადაღებულ “საგარეო ფაქტორებზე” მუდმივი აპელირება და არაფრის თქმა “საშინაო ფაქტორებზე”. ისევ აბოლებენ ხალხს, მაგალითად, ისეთი სისულელით, თითქოს თურქული ლირის გუშინ გაუფასურება დღესვე აუფასურებდეს ლარს.” – ამის შესახებ რომან გოცირიძე თავის Facebook გვერდზე წერს.

“ექსპერტები და “ექსპერტები” ან პოლიტიკური მიკერძოებით განმარტავენ მოვლენებს ან ხშირად არ ჰყოფნით ცოდნა რთული საკითხების ასახსნელად. მაგალითად, ძალიან იშვიათია, ვინმემ ახსენოს ( ან ახსნას) ბიუჯეტის ზემოქმედების ხარისხი ლარის კურსზე და ფასებზე.

ფეისბუკი, მიუხედავად იმისა, რომ ტვიტერისაგან განსხვავებით იძლევა დიდმოცულობიანი ტექსტების გამოქვეყნების საშუალებას, არც სამეცნიერო ჟურნალია და არც გაზეთი, მსგავსი რამ რომ ბეჭდო. მაინც არავინ წაიკითხავს, ჟანრის სპეციფიკიდან გამომდინარე.

თუ რა მოსდის ლარს, ამის შესახებ ამომწურავად სადმე დავწერ, ჟურნალში.

აქ, ფეისბუკზე, როგორც წესი, ორ-სამაბზაციანი ან თუნდაც ცოტათი მეტი მოცულობის პოსტით ვერაფერს ახსნი. ამიტომ, გადავწყვიტე დღეს, დღის განმავლობაში გამოვაქვეყნო რამდენიმე პოსტი, სადაც შევეცდები მარტივად და გასაგებად მოგიყვეთ ლარის გაუფასურების იმ მიზეზებზე, რომლებზეც თითქმის არავინ ამახვილებს ყურადღებას ან ამბობენ ძალიან იშვიათად.

დიდი ცოდნა არ უნდა იმას, რომ ლარის კურსზე ძირითადად გავლენას ახდენს ვალუტის შემოდინებასა გადინებას შორის არსებული სხვაობა. ეს ე. წ. მიმდინარე ანგარიშის ბალანსში აისახება. ეს თუთიყუშივით ყველამ დაიზეპირა, მაგრამ მხოლოდ “ტურიზმიდან დოლარები დაგვაკლდას “ ძახილით ვერაფერს ახსნი. როცა ტურიზმიდან სამი მილიარდი დოლარი შემოდიოდა და უცხოური ინვესტიციები ისტორიულ მაქსიმუმზე იყო ( 1,7 მილიარდი დოლარი), სწორედ მაშინ გაუფასურდა ლარი ყველაზე მეტად. გამოდის, საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რამდენი დოლარია შემოსული, იმაშიცაა, რამდენი ლარია გასული. ეს მოთხოვნა-მიწოდების ელემენტარული კანონია, მონეტარული თეორიის ანბანია. “ლარის მხარეზე” რომ ხმას არ იღებენ ხელისუფლებაში, გასაგებია-არ აწყობთ. ვერც ექსპერტების თავამდე დავიდა ეს, ამიტომ დამდგარან და “ლირამ ლარი გააუფასურა” და “მოლოდინებმა ლარი გაგვიუფასურას” მანტრით გვიხსნიან წლებია საკმაოდ რთულ პროცესებს. ახლაც ეს სიმღერა ისმის.

ეს გრძელი შესავალი იმიტომ დამჭირდა, რომ ვისაც ლარის ამბები გაინტერესებთ, დღის განმავლობაში ნაწილ-ნაწილ გამოვაქვეყნებ ჩემს მოსაზრებას ამის შესახებ, ანუ გაიგებთ, რა მოსდის ლარს და “ეშველება თუ არა”. – წერს რომან გოცირიძე.

Comments
Loading...