როგორ იქცა თეა გოდოლაძის სესიმური მონიტორინგის ცენტრი საქართველოში ყველაზე გაუმჭვირვალე სტრუქტურად

8

არასაამთავრობო ორგანიზაციის „ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, სეისმური მონიტორინგის ცენტრი, რომელსაც თეა გოდოლაძე ხელმძღვანელობს, საქართველოში ყველაზე გაუმჭვირვალე სტრუქტურაა.

რა აძლევს ამის თქმის საფუძველს უფლებადამცველ ორგანიზაციას და  რა პრობლემებს წააწყდა იგი სეისმური მონიტორინგის ცენტრთან კომუნიკაციის პერიოდში, ამის თაობაზე „აიპრესმა“ რამდენიმე კითხვით „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელს, არჩილ კაიკაციშვილს მიმართა.

არჩილ, კონკრეტულად რა პრობლემებს წააწყდით სეისმური მონიტორინგის ცენტრთან კომუნიკაციის დროს?

– პირდაპირ შემიძლია გითხრათ, თეა გოდოლაძის სეისმური მონიტორინგის ცენტრი დღეს საქართველოში ყველაზე გაუმჭვირვალე სტრუქტურაა. ის კომუნიკაციის ყველა ეტაპზე ცდილობს თავი აარიდოს კონკრეტული პასუხების გაცემას ჩვენს მიერ დასმულ კონკრეტულ მნიშვნელოვან კითხვებზე და ამ გზით კვლავ ჩრდილში დატოვოს მისდამი დაქვემდებარებული ცენტრის, როგორც სამეცნიერო, ისე ფინანსური საქმიანობის დეტალები.

თეა გოდოლაძე საავტორო უფლებებზე უარგუმენტო აპელირებით ცდილობს პრაქტიკულად ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამალვას. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი ცდილობს  ისეთი ხასიათის ინფორმაცია დამალოს, რომელიც შეიცავს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ურთიერთობის ფინანსურ შინაარსს და რომლის შესახებაც ანგარიშგება პრაქტიკულად არ არსებობს. უნდა აღინიშნოს, რომ ჯამურად, საუბარია 7 მილიონი ლარის პროექტებზე.

გოდოლაძე ყოველთვის აბუნდოვნებს და გაურკვეველს ხდის, არის თუ არა მიწისძვრების შესახებ ინფორმაცია საჯარო და ყველასათვის ხელმისაწვდომი.

თუკი  მიწისძვრების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოებას არ განეკუთვნება, მაშინ რის საფუძველზე მალავს ინფორმაციას თეა გოდოლაძე?  

– მიწისძვრების ხდომილების შესახებ ინფორმაცია საჯაროა და ამას თეა გოდოლაძე ჩვენს მიერ ოფიციალურად მიწერილი კითხვების საპასუხოდ თავადაც ადასტურებს. თუმცა, იქვე დასძენს, რომ ინფორმაციის ნახვა მათ ვებგვერდზე შესაძლებელია, თუ ის არ წარმოადგენს, კონკრეტულად, რომელიმე პროექტის ფარგლებში მოპოვებულ მასალას.

ანუ, ერთის მხრივ, გვეუბნება, რომ მიწისძვრების ხდომილების შესახებ ინფორმაცია არის საჯარო და მისი ნახვა შესაძლებელია ცენტრის ვებგვერდზე. და, მეორეს მხრივ, აღნიშნავს, რომ ასეა, თუ ინფორმაცია არ წარმოადგენს რომელიმე პროექტის ფარგლებში მოპოვებულ მასალას.

მე არ მესმის, როგორ შეიძლება რომელიმე პროექტის ფარგლებში ექცეოდეს ინფორმაცია მიწისძვრების ხდომილების შესახებ. ანუ, მოხდა თუ არა მიწისძვრა, როდის მოხდა, სად მოხდა და რა სიმძლავრის იყო ის?!. ეს ეხება, როგორც მაგნიტუდა 3-ის ზემოთ, ისე მაგნიტუდა 3-ის ქვემოთ მომხდარ ბიძგებს. ანუ, მომხდარი მიწისძვრის ფაქტების შესახებ ინფორმაცია როგორ შეიძლება იყოს ამა თუ იმ პროექტის ფარგლებში მოპოვებული, გაუგებარია. არადა,  ამ ინფორმაციას თეა გოდოლაძე ხან გასცემს, ხან არა. იქცევა საკუთარი ერთპიროვნული შეხედულებისამებრ.

აი ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ „დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი“, თეა გოდოლაძის უკვე ლამის უვადო ხელმძღვანელობის პირობებში, მყარად ჩამოყალიბდა, როგორც  ყველაზე გაუმჭვირვალე სტრუქტურა საქართველოში.

 – გამოდის, რომ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა თეა გოდოლაძის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, საინტერესოა იგივე  ხდება  სახელმწიფო სტრუქტურების შემთხვევაშიც?

– იგივე დამოკიდებულებაა სახელმწიფო სტრუქტურებთან მიმართებაშიც.  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ საგანგებო სიტუაციების სამსახურსაც არ აწვდის  სრულყოფილ ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ცენტრი, რაც საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მოვალეობის შესრულებაზე, ცენტრის მხრიდან შეგნებული მავნებლობაა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურთან წარმოებული კომუნიკაციის შედეგად ჩვენ დავადგინეთ, რომ სახელმწიფო დაწესებულება სეისმური მონაცემების დამუშავებას უშუალოდ არ ახორციელებს, საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში მაგნიტუდა 3-ს ზემოთ სეისმურ მონაცემებს კი, სწრაფი შეტყობინების სისტემის მეშვეობით, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ცენტრისგან იღებს.

მიგვაჩნია, რომ ფაქტი, როცა სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე არ გასცემს ცენტრში დაცულ ე.წ. საწყისს მონაცემთა ბაზაში დაცულ ინფორმაციას, ანუ, შესაბამისად, მისი პოლიტიკა, როცა  არც სამეცნიერო წრეებსა და არც სამოქალაქო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებზე არ გაიცემა მაგნიტუდა 3-ის  ქვემოთ არსებული მონაცემები, წარმოადგენს შეგნებულ მავნებლობას.

სეისმური მონიტორინგის ცენტრის შეგნებული პოლიტიკის შედეგად, არც ერთ სახელმწიფო უწყებას მიწისძვრების შესახებ სრული ინფორმაცია არ გააჩნია, და ამიტომ არც საქართველოს მთავრობას აქვს ერთიანი ხედვა და ეროვნული სტრატეგია სეისმური უსაფრთხოების საკითხებზე. ეს ყველაფერი მომდნარეობს ცენტრის პოლიტიკიდან, დარჩეს ყველაზე გაუმჭვირვალე უწყებად ქვეყანაში.

Comments
Loading...