როგორ დავიწყოთ ბიზნესი ფაბლაბთან ერთად

43

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ტექნოპარკის ფაბლაბის ორგანიზებით დაიწყო მეექვსე ნაკადის მიღება პროექტზე – ,,დაიწყე ბიზნესი ფაბლაბთან ერთად”. ამის შესახებ ინფორმაციას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

პროექტის საწყის ეტაპზე შეირჩევა რამდენიმე გუნდი, რომელიც ფაბლაბში სხვადასხვა პროდუქტს შექმნის. მონაწილე გუნდებს შესაძლებლობა ექნება, პროდუქტის შესაქმნელად გამოიყენონ ტექნოპარკის ფაბლაბში არსებული მაღალტექნოლოგიური დანადგარები.

დაახლოებით 2 თვეში ფაბლაბის სპეციალისტების აქტიური მენტორშიფით, ვექტორული გრაფიკის და დანადგარების შემსწავლელი ტრენინგებით, მონაწილეები შეძლებენ განავითარონ იდეა სწორი მიმართულებით, უკვე საკუთარი ცოდნითა და გამოცდილებით შექმნან პირველი პროდუქცია და დაიწყონ ბიზნესი.

პროგრამის დასკვნით ეტაპზე გაიმართება გამოფენა- გაყიდვა, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნეს იდეის მქონე გუნდებს, დატესტონ საკუთარი პროდუქტი ბაზარზე და მიიღონ პირველი შეფასება მომხმარებლებისგან.

პროექტის მიზანია, საქართველოში გაჩნდეს უფრო მეტი ინოვაციური სტარტაპი და მოქალაქეებს მიეცეს საშუალება, იდეა აქციონ რეალურ ბიზნესად. ეს კი შემდგომში ხელს შეუწყობს მცირე წარმოებისა და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას ქვეყანაში.

პროექტი ორი წლის განმავლობაში 5 ეტაპად ჩატარდა და 80-მდე გუნდმა მიიღო მონაწილეობა. მათი დიდი ნაწილი დღემდე ოპერირებს ქართულ და უცხოურ ბაზარზე, ხოლო ათამდე სტარტაპი უკვე საკუთარი დანადგარით აგრძელებს საქმიანობას.

ტექნოპარკის ფაბლაბი არის უნივერსალური სივრცე ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელსაც აქვს იდეა და სურს მისი განხორციელება ან სტარტაპ ბიზნესად ჩამოყალიბება. ფაბლაბი ყველას აძლევს საშუალებას, ჰქონდეს წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებთან და საწარმოო დანადგარებთან.

ფაბლაბი აღჭურვილია თანამედროვე, კომპიუტერით მართვადი დანადგარებით – ლაზერული მჭრელით, 3D პრინტერებით, პროგრამირებადი ჩარხებით და საშუალებას იძლევა ლაბორატორიის ბაზაზე მოხდეს სხვადასხვა პროდუქტის პროტოტიპირება და მცირე წარმოება.

დეტალური ინფორმაციის სანახავად და პროექტში მონაწილეობის მისაღებად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე – http://bit.ly/2CBaxwp

Comments
Loading...