რისი ეშინიათ ცნობილ მილიარდერებს?

6

შიშებისა და ფობიებისგან პლანეტის უმდიდრესი ადამიანებიც კი არ არიან დაცულები. Forbes Life-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გავიგებთ, რისი ეშინიათ ბილ გეითსს, ილონ მასკს, ლარი პეიჯს და სხვა მილიარდერებს.

ილონ მასკი

იმისდა მიუხედავად, რომ ილონ მასკი კოსმოსის დაპყრობასა და მარსის კოლონიზაციაზე ოცნებობს და ასევე ტექნოლოგიური გიგანტის – Tesla-ს დამფუძნებელია, მას ხელოვნური ინტელექტის შიში აქვს. მისი წარმოდგენით,  ხელოვნური ინტელექტი პოტენციური ბოროტებაა. 2014 წელს მასკმა ამ სფეროში განვითარებული მოვლენები “ეშმაკის გამოძახებას“ შეადარა. 2018 წელს მასკმა განაცხადა, რომ ხელოვნურ ინტელექტს ადამიანის განადგურება შეუძლია.

პიტერ ტილი და ლარი ელისონი

ამ ორ მილიარდერს კი სიკვდილის შიში აქვს და მუდამ ფიქრობენ, რით შეიძლება მისი დამარცხება. PayPal-ის შემქმნელი პიტერ ტილი ამბობს, რომ 120 წლამდე ცხოვრება სურს, რისთვისაც ყოველდღიურად  ჰორმონებს იღებს. მან 6 მილიონ დოლარზე მეტი შესწირა Methuselah Foundation-ს, რომელიც  დაბერების საწინააღმდეგო ტექნოლოგიაზე მუშაობს.

ტილი ასევე მხარს უჭერს SENS Research Foundation-ს, რომელიც ასევე დაბერების შესაჩერებელ რამდენიმე ბიოტექნოლოგიურ ფირმას ავითარებს. მილიარდერი მას “უკვდავების პროექტს” უწოდებს. მას მხარს უჭერს ლარი ელისონიც, Oracle-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მეშვიდე ყველაზე მდიდარი ადამიანი მსოფლიოში.

ბილ გეითსი

ჯერ კიდევ 2015 წელს ბილ გეითსმა განაცხადა, რომ ყველაზე მეტად მას ეპიდემიის ეშინია, რომელიც მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს. მან აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში ბირთვული ომის შანსებს გამორიცხავს, ხოლო კაცობრიობის მთავარ მტრად ვირუსებს ასახელებს. ამას გარდა, მისი კიდევ ერთი შიშია, რომ ერთ დღესაც მუშაობას შეწყვეტს, ვინაიდან მისი გონებრივი მონაცემები ამის საშუალებას აღარ მისცემს.

ჯერი ჯონსი

ამერიკული საფეხბურთო კლუბის, Dallas Cowboys-ის მფლობელს საკუთარი გონებრივი შესაძლებლობების დაკარგვის ეშინია. ასევე, მას ძალიან აშინებს საარსებო წყაროს გარეშე დარჩენის პერსპექტივაც.

ოპრა უინფრი

ოპრას გლობოფობია აწუხებს. ჩვეულებრივ, ასეთი იშვიათი დაავადების მქონე ადამიანებს თავად ბუშტების კი არ ეშინიათ, არამედ ხმამაღალი ხმისა, რომელსაც ისინი გახეთქვისას გამოსცემენ.

მილიარდერს კიდევ ერთი ირაციონალური შიში აქვს – მასტიკოგუმიფობია – საღეჭი რეზინის შიში.

რიჩარდ ბრენსონი და უორენ ბაფეტი

Virgin Group-ის დამფუძნებელმა, რიჩარდ ბრენსონმა Business Insider-თან საუბრისას აღიარა, რომ „ბუნებრივად მორცხვია“ და საჯარო გამოსვლების ეშინია. შიშთან საბრძოლველად მილიარდერი ჩერჩილის მეთოდს იყენებს.

„ჩერჩილის მსგავსად,  აღმოვაჩინე, რომ თუ ბევრს ივარჯიშებ, ივარჯიშებ, ივარჯიშებ და შემდეგ კიდევ ცოტა მეტს ივარჯიშებ, საჯარო გამოსვლის შიში თანდათან გაქრება”, – გვირჩევს ბრენსონი.

საჯარო გამოსვლის შიში აქვს ასევე უორენ ბაფეტსაც. თუმცა, როგორც მან თავად განაცხადა, ამ შიშის დაძლევა მოახერხა, რაც მას წარმატების მიღწევაში დაეხმარა.

Comments
Loading...