რესტორატორთა ასოციციის ვიცეპრეზიდენტი: უნდა შეიცვალოს კანონი და ორ ან მეტ მოთამაშეს მოერგოს, მოგვეცეს არჩევანის უფლება

139

საავტორო უფლებების დაცვაზე და ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე მუსიკოსები, კომპოზიტორები, ავტორები და შემსრულებლები უკვე დიდი ხანია საუბრობენ. მათი მოსაზრებით, კანონმდებლობა, რომელიც  ამ სფეროს აწესრიგებს, გადასახედი და შესაცვლელია. 

ავტორთა ჯგუფმა საკანონმდებლო ორგანოს წერილითაც მიმართა და კანონში არსებული ბუნდოვანი ჩანაწერების გასწორება სთხოვა.

დღეს ქვეყანაში საავტორო უფლებების დაცვის ორი ასოციაცია მუშაობს – ძველი ორგანიზაციის გაუმჭვირვალობით, თანხების არასამართლიანად აკრეფით და განაწილებით უკმაყოფილო ავტორებმა ახალი ასოციაცია „გერა“ დააფუძნეს და საკუთარი უფლებების დაცვა თავად სცადეს. ძველი ასოციაციის თავმჯდომარე გელა კობალაძე ასობით ავტორს და ახალ ასოციაციას კანონის დარღვევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ კანონმდებლობით მის ასოციაციას საქმიანობის ექსკლუზიური უფლება აქვს მინიჭებული.

უფლებების დაცვის სფეროში არსებული პრობლემები ბევრ სფეროს ეხება, მათ შოროს იმ ბიზნესს, რომელიც პროდუქტით სარგებლობს და მოსაკრებელსაც იხდის. ამ თემებზე და ბიზნესმენების პოზიციაზე „აიპრესი“ რესტორატორთა ასოციციის ვიცეპრეზიდენტს შოთა ბურჯანაძეს ესაუბრა.

– როგორ შეაფასებთ ასოციაცია „ჯისიეის“ მუშაობას, რამდენად სამართლიანად ხდებოდა თქვენს სექტორში მოსაკრებლების შეგროვება და შესბამისად – განაწილება?

ნებისმიერი ორგანიზაცია, ვინც არ უნდა ყოფილიყო „ჯისიეი“  თუ სხვა, რომელიც საავტორო უფლებების სფეროში ბაზარზე ერთადერთი იქნებოდა, ამ უფლებას ბოროტად გამოიყენებდა.  ორ მხარეს  შორის, მხოლოდ და მხოლოდ მისი სურვილით განისაზღვრებოდა თამაშის წესები და სწორედ აქ არის რისკი.

– მიგვაჩნია, რომ კონკურენციისთვის აუცლებელია არსებობდეს მესამე მოთამაშე, რომელიც გააჯანსაღებს ბაზარს.

რაც შეეხება  კონკრეტულად „ჯისიეის“ მუშაობას, რეალურად ის ზეპირად ითვლიდა –  გარკვეული სკამების, ფართების მიხედვით. შესაბამისად, რა მუსიკა გაჟღერდებოდა რესტორანში, კაფეში და რამდენჯერ, ამის ადმინისტრირების რეალური შესაძლებლობა არ არსებობოდა. აქედან გამომდინარე, ის რასაც გვთავაზობს „გერა“, კომპანია “როზუმის” მეშვეობით, რეალურად არის ინოვაციური შესაძლებლობა დავთვალოთ, თუ ვინ ასრულებს ამა თუ იმ  კომპოზიციას, რამდენჯერ სრულდება, ვისთან მიდის ჩვენს მიერ გადახდილი ჰონორარი, რატომ მიდის ავტორთან დაუშვათ ათი ლარი და არა 30?!  ბაზარზე „გერას“ გამოჩენის შემდეგ ეს ყველაფერი არის მოდერნიზებული, სწორად ჩამოყალიბდა მიდგომა ჰონორარის შეკრებასთან და განაწილებასთან დაკავშირებით, რასაც უზრუნველყოფს “როზუმის” ინოვაციური ბოქსის აპარატი.

– „ჯისიეი“  და გიგა კობალაძე აცხადებენ საპირისპიროს, რომ ექსკლუზიურად მხლოდ მას უნდა  ჰქონდეს საავტორო უფლებების დაცვის უფლება ქვეყანაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ქაოსური სიტუაცია შეიქმნება. თქვენ რას ფიქრობთ ამ პროგნოზზე?

რატომ უნდა იცავდეს საავტორო უფლებებს ექსკლუზიურად ერთი კომპანია და არ უნდა არსებობდეს კონკურენცია? კანონმდებლობით არის შესაძლებელი ყველაფრის განსაზღვრა. ექსკლუზიური უფლება რატომ უნდა ჰქონდეს ქვეყანაში რომელიმე ფირმას, რომელიმე სფეროში, იქ სადაც კონკურენციის სააგენტო არსებობს, მე უბრალოდ ვერ წარმომიდენია.

ექსკლუზიური უფლება არცერთ სფეროში, არცერთი მიმართულებით უნდა არსებობდეს, მითუმეტეს როდესაც ეს მრავალათასიან აუდიტორიას ეხება. წარმოუდგნელია მდგომარეობა, რომელიც არსებობდა ზოგადად და ჩვენს სფეროში უსამართლობის მიზეზიც ეს იყო. კონკურენციის არ არსებობა ქმნის არაჯანსაღ გარემოს.

აქედან გამომდინარე, უნდა შეიცვალოს კანონი და  მივიღოთ მეორე, ამ შემთხვევაში კონკურენტი და ყველას მიეცეს არჩევანის გაკეთების საშუალება. წარმოიდგინეთ მხოლოდ ერთი სააფთიაქო ქსელი რომ არსებობდეს…

– რა სახის ცვლილება უნდა შევიდეს კანონში, რომ ერთი და იმავე პროდუქტზე ორჯერ არ მოგიწიოთ მოსაკრებლის გადახდა და ბიზნესი არ დაზარალდეს?

კანონი ჩველებრივად ორ ან მეტ მოთამაშეს უნდა მოერგოს. როდესაც ერთი ასოციაციის წარმომადგენელი  გვთავაზობს თავის ალბომს, ანუ ავტორებთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით შედგენილ სიას და ეს შენთვის საკმარისი არ არის, შესაძლებელი უნდა იყოს სხვა კომპანიასთანაც თანამშრომლობა. როგორც „ჯისიეის“, ასევე „გერასაც“ აქვს მრავალფეროვანი  შემოთავაზება და უნდა გვქონდეს არჩევანის უფლება, ეს ბიზნესის გადასაწყვეტი უნდა იყოს.

ბატონმა შოთა ბურჯანაძემ მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტში გამართულ განხილვაში და საკუთარი მოსაზრება დეპუტატებსაც გააცნო: „დღევანდელ დისკუსიაში დავინახე ორი მხარე მომხსენებლების მხრიდან. ესენი იყვნენ ავტორები, საავტორო უფლებების მფლობელები და ბიზნესი, რომელიც ფულს იხდის… თურმე 28 მილიონი ლარი აკრეფილა, რაც ამ სიტუაციაში ცოტა ნაკლები ყურადღებით იქნა განხილული.

მკაფიოდ მინდა დავაფიქსირო: უბრალოდ, ვერ წარმომიდგენია აზრი სად უნდა გაიყოს, რომ მე არჩევანი მქონდეს ვის გადავუხადო ფული, რომელ ორგანიზაციას, ერთ თუ მეორეს – ამ შემთხვევაში ეს იქნება „გერა“ თუ ბატონი გიგა კობალაძის ორგანიზაცია. ეს მე უნდა ავირჩიო და მე უნდა მქონდეს ამის შესაძლებლობა.

უნდა იყოს კონკურენტული გარემო იმიტომ, რომ კონკურენციის შემთხვევაში მე ყოველთვის ავირჩევ ჩემთვის სასურველ შედეგის მიხედვით, როგორც ბიზნესი. აქედან გამომდინარე,  არის სამკუთხედი: ერთ მხარეს ავტორები, საავტორო უფლებების დამცველები და ბიზნესი.

ახლა, დღევანდელ რეალობაში არსებული კანონმდებლობით, სრული ქაოსია. უმარტივესად შეიძლება კანონმდებლობის ისე დახვეწა, რომ სამივე მხარე იყოს კმაყოფილი.

2012 წლის შემდეგ, როდესაც ჩემი კოლეგები ორლულიანი თოფით დასდევდნენ სავტორო უფლებების დამცველებს, დღეს დიდი პროგრესია.

აქ ერთი საკითხია გასათვალისწინებელი –  ჩვენ, ბიზნესს, ორივე ორგანიზაციამ არ უნდა გადაგვახდევინოს ფული და ეს არის დასარეგულირებელი. არ უნდა მოხდეს აღრევა, ყველამ არ უნდა მომაკითხოს ორლულიანი თოფით.

მე ერთხელ უნდა გადავიხადო თანხა და ჩემთვის გამჭვირვალე უნდა იყოს, ვის რამდენი უნდა გადავუხადო. უნდა ვიცოდე, მიდის თუ არა ამ ადამიანამდე ის თანხა, რამდენიც მას ეკუთვბნის, და ამას 21-ე საუკუნეში მსჯელობა აღარ სჭირდება.

ეს ჩვეულებრივად, სისტემურად შესაძლებელია და ჩვენთან რესტორანში ეს სისტემა დანერგილია. აქედან გამომდინარე, უნდა არსებობდეს „გერა“ და უნდა არსებობდეს ბატონი გიგას ორგანიზაციაც, ორივეს ჰყავს კმაყოფილი წევრები.

ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება ერთდერთი და განუმეორებელი ვინმე. ჩვენ თურმე 28 მილიონი გვაქვს გადახდილი, სად არის ეს მილიონები, დღესაც მაინტერესებს“.

 

Comments
Loading...