რეგიონში პირველი “რადისონ ქოლექშენ”-ის ბრენდის სასტუმროს პრეზენტაცია გაიმართება

105

27 ოქტემბერს, წინანდლის ისტორიულ მამულში საქართველოში და რეგიონში პირველი “რადისონ ქოლექშენ”-ის ბრენდის სასტუმროს პრეზენტაცია გაიმართება.

5-ვარსკვლავიან სასტუმროში არის 141 ნომერი, საკონფერენციო და საზეიმო ღონისძიებათა დარბაზები, ბიბლიოთეკა, ღია და დახული რესტორნები, სპა-ცენტრი, აუზი, ფიტნეს კლუბი.

განახლებული წინანდლის კომპლექსი მოიცავს : 1200 ადგილიან ამფითეატრს, 600-ადგილიან დახურულ საკონცერტო დარბაზს, უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილ ღვინის ქარხანას, აღდგენილ ვენახებს და ახლა უკვე მაღალი კლასის სასტუმროს.

“რადისონ ქოლექშენის” სასტუმროს პროექტი საპარტნიორო ფონდის ხელშეწყობით განხორციელდა. სასტუმროს პროექტის ჯამური ღირებულებაა 35 მლნ აშშ დოლარი, საპარტნიორო ფონდის დაფინანსება 10 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. პროექტის დამფინანსებელია ასევე თიბისი ბანკი. წინანდლის ისტორიულ კომპლექსში საერთო ინვესტიცია დაახლოებით 60 მილიონ დოლარს შეადგენს.

2019 წლიდან წინანდლის მამულში გაიმართება საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომლის საკონცერტო პროგრამაში მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას. წინანდლის ფესტივალის მუსიკალური დირექტორია მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა, დღევანდელობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული დირიჟორი. მაესტრო საპატიო სტუმრის სტატუსით 27 ოქტომბერს, ახალ საკონცერტო დარბაზში გამართულ პირველ კონცერტს დაესწრება.

ამავე დღეს წინანდლის მამულში ხელი მოეწერება მემორანდუმს საქართველოს მთავრობას და ამერიკულ ჰუმანიტარულ ფონდს Grace Farms Foundation და საერთაშორისო ჰუმანიტარულ მოძრაობას Unchain შორის, რომლის თანახმად მომდევნო 10 წლის განმავლობაში ქვეყნის პრიორიტეტები იქნება შრომის უმაღლესი ეთიკური სტანდარტების დანერგვა, საქართველოს გადაქცევა 100%-ით მწვანე, მდგრად და ტექნოლოგიურად განვითარებულ ქვეყნად.

Comments
Loading...