რა ვუთხრათ პომპეოს? (ბლოგი)

71

ქართველი ხალხის ნების, კონსტიტუციის შესაბამისად ჩვენ მივილტვით ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ. ამავე დროს, დღეს არსებული გლობალური გამოწვევების ფონზე, მხოლოდ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის დეკლარირება და პასიური საგარეო პოლიტიკა ცალსახად გუშინდელი დღეა. ასეთი საგარეო პოლიტიკა აბსოლუტურად არაეფექტური და უფრო მეტიც, დამღუპველია საქართველოსთვის.

საქართველო ვერ დაელოდება და ვერ ააშენებს მომავალს სხვა, მათ შორის ზოგიერთი პარტნიორი ქვეყნის ხელისუფლებას და მათ დღის წესრიგს, რომელიც საქართველოს ნატოში ინტეგრაციას არ განიხილავს, როგორც უახლოეს პერსპექტივას. უსაფრთხოების და ეკონომიკური განვითარების მაღალი სტანდარტები ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დღესვე და არა ოდესმე, გაურკვეველ მომავალში.

ამიტომ, ჩვენთვის პრიორიტეტულია აშშ-სთან თანამშრომლობა. ჩვენ მზად ვართ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებისთვის, როგორც ერთობლივი წვრთნების ინტენსიობის გაზრდის, ასევე საქართველოს სამხედრო ბაზებზე აშშ-ს სამხედრო კონტინგენტის და სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსების თვალსაზრისით.

ჩვენ მხარს ვუჭერთ, პოლიტიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას, ვითვალისწინებთ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის და ამერიკელი პოლიტიკოსების წუხილს და კრიტიკას სასამართლო რეფორმის, ბიზნეს გარემოს, ოლიგარქიული მმართველობის, დემოკრატიის განვითარების, ანაკლიის პორტის შეჩერების შესახებ. გვესმის რომ მხოლოდ ღია და დემოკრატიული გადაწყვეტილებები დაგვაახლოებს ნატოსთან და ევროკავშირთან, გახდის შესაძლებელს აშშ-სთან ახლო პარტნიორობას.

საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ორ მილიონამდე ადამიანმა, საერთო ამომრჩეველთა 56%-მა, ვირუსის გავრცელების პიკზე, გამოხატა საკუთარი პოლიტიკური ნება. დღეს შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე ჩვენ, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, გვერდზე გადავდებთ პოლიტიკურ ამბიციებს, გვესმის რა როგორც რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევები, რაც მტერს აძლევს მანიპულირების და პროვოკაციის დამატებით საშუალებებს, ასევე ვირუსის გავრცელებისა და ეკონომიკური ზიანიდან მიყენებული საფრთხე და მივიღებთ დროულ, ეროვნული ინტერესების შესაბამის პოლიტიკურ და არამხოლოდ სამართლებრივ გადაწყვეტილებებს.

იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ექსპორტი მყარად ხდება დამოკიდებული არადემოკრატიული და დაბალი ეკონომიკური სტანდარტების მქონე ქვეყნების ბაზარზე (ექსპორტის მესამედი მიემართება ჩინეთსა და რუსეთზე, ტენდენცია მიმართულია ზრდისკენ), აშშ-სთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაუმჯობესება, თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების მიღება და ამოქმედება განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს. ჩვენი ამოცანა იქნება ამერიკელი და ევროპელი ინვესტორებისათვის მაქსიმალურად მარტივი, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი საინვესტიციო გარემოს შექმნა.

ჩვენი საგარეო პოლიტიკა გახდება აქტიური, რეგიონალური უსაფრთხოების გათვალისწინებითაც. ინტენსიურად ვიმუშავებთ, იმ მიმართულებით, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს, ასევე აშშ-ს და ევროპელ პარტნიორებს, გააჩნდეთ მტკიცე განცდა იმისა, რომ თბილისი შეიძლება გახდეს, არა მხოლოდ გეოგრაფიული, არამედ ასევე პოლიტიკური ცენტრიც რეგიონში სტაბილური მშვიდობის დამყარების თვალსაზრისით.

გამოვთქვამთ დაინტერესებას “3 ზღვის ინიციატივის” ფორმატში აქტიური თანამშრომლობისკენ, როგორც ვიცით ეს არაფორმალური ფორმატი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების ინტენსიურ თანამშრომლობას ითვალისწინებს ენერგოუსაფრთხოების, ინფრასტრუქტურის და ციფრული ტექნოლოგიების განვითარების თვალსაზრისით და გააჩნია აშშ-ს მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა. ამის მაგალითია, როგორც ფორმატის ფარგლებში გამართულ კონფერენციაში აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მონაწილეობა 2017 წელს, ასევე აშშ-ს მთავრობის კონკრეტული ინიციატივები და ბოლოს, რამდენიმე დღის წინ, მაიკლ პომპეოს მიერ “3 ზღვის ინიციატივისადმი” ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერის შესახებ გაკეთებული განცხადება. ამავე დროს, ამ ფორმატში მონაწილე ქვეყნების ფაქტიურად აბსოლუტური უმრავლესობა (განსაკუთრებით, პოლონეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი) საქართველოს მტკიცე პოლიტიკური პარტნიორია, რაც მხოლოდ გააადვილებს ეკონომიკური კავშირების გამტკიცებას. გვაქვს მკაფიო ხედვა და კონკრეტული წინადადებები “3 ზღვის ინიციატივის” ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერების თვალსაზრისით.

სამხრეთ კავკასიაში სტაბილური მშვიდობის მიღწევა, მხოლოდ რეგიონში აშშ-ს მაღალი მონაწილეობით არის შესაძლებელი. აშშ-ს შეუძლია კონფლიქტის მონაწილე ქვეყნებისთვის ისეთი მოტივაციის შექმნა, რომელიც კონფლიქტში მონაწილე ქვეყნების ეროვნულ ინტერესებს შეიძლება შეესაბამებოდეს. სხვა შემთხვევაში, მოჩვენებითი და დროებითი მშვიდობა შეიძლება დამყარდეს დროებით, მაგალითად 5 წლით, კონფლიქტის სამომავლო გამწვავების მაღალი ალბათობით. თვალსაჩინოა, რომ თუნდაც, პანდემიისა და აშშ-ს შიდა პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, აშშ-ს საგარეო პოლიტიკა ისტორიულ წარმატებებს აღწევს ურთულეს კონფლიქტურ რეგიონებში, მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ისრაელისა და არაბულ ქვეყნებს შორის გაფორმებული პოლიტიკური ხელშეკრულებები, სერბიასა და კოსოვოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის დეკლარირება. ჯერ კიდევ შარშან, მსგავსი თანამშრომლობა წარმოუდგენელი გახლდათ.

საქართველო გამოხატავს მზადყოფნას გახდეს რეალური რეგიონული ლიდერი და აშშ-ს გამორჩეული პარტნიორი. საქართველოს პროდასავლური კურსი შეუქცევადია. ეს არის ერთადერთი გზა ქვეყნის განვითარებისა და გამთლიანებისკენ.

ღმერთი ფარავდეს საქართველოს, ღმერთი ფარავდეს აშშ-ს!

 

ავტორები: კოკი იონათამიშვილო, გიორგი ლაბაძე სამოქალაქო პლატფორმა “საქართველო – 3 ზღვის ინიციატივა”

Comments
Loading...