რამ განაპირობა ინფლაციის ზრდა? – კობა გვენეტაძის განმარტება

6

ინფლაციაზე ზრდაზე ერთდროულად სხვადასხვა ფაქტორმა იმოქმედა, რომელთა შორის აღსანიშნავია მსოფლიოში ფართო მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდაა, – აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე.

„2021 წლის განმავლობაში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა ნარჩუნდება. ნოემბერში ინფლაციამ 12.5 პროცენტი შეადგინა. გაძლიერებული ინფლაციური წნეხის მიზეზი როგორც კორონავირუსის გამო შექმნილი არაორდინარული ვითარება, ასევე შემდგომი აღდგენითი პროცესებია. კერძოდ, ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით ერთდროულად სხვადასხვა ფაქტორმა იმოქმედა, რომელთა შორის აღსანიშნავია მსოფლიოში ფართო მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების პერიოდულ გამოცემებში გლობალური ინფლაცია განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა. გამოსარჩევია სურსათის გაძვირება – პანდემიასთან დაკავშირებული შეფერხებების, ცუდი მოსავლისა და გაზრდილი სატრანსპორტო ხარჯების გამო მსოფლიოში სურსათის ფასები ბოლო ათი წლის მანძილზე უმაღლეს ნიშნულზეა . სურსათის გაძვირებამ განსაკუთრებით იმოქმედა განვითარებად ქვეყნებზე, სადაც სურსათის წონა სამომხმარებლო კალათაში განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით მაღალია. საქართველოს სამომხმარებლო კალათაშიც სურსათის წონა მაღალია და 29%-ს შეადგენს. აქედან გამომდინარე, სურსათის ფასის ცვლილება ინფლაციის მაჩვენებელზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

მობილობის აღდგენასთან ერთად, ნავთობზე მოთხოვნა და მისი ფასები საერთაშორისო ბაზრებზე გაიზარდა. მსოფლიოში ნავთობის ფასი ბოლო სამი წლის მაქსიმუმზეა, რაც საწვავის ფასებზეც აისახა. წლის დასაწყისიდან საწვავის ფასები თანდათან იზრდება. კორონავირუსის გავრცელების შემაკავებელი გარკვეული შეზღუდვების შენარჩუნების ფონზე, კომპანიების საერთაშორისო სატრანსპორტო და სხვა საოპერაციო ხარჯები გაზრდილი რჩება, რაც საბოლოო ფასებზეც აისახება. ნოემბრის 12.5%-იანი ინფლაციიდან, მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებული ფაქტორების ჯამი, წინასწარი შეფასებით, დაახლოებით 9 პროცენტული პუნქტი იყო (მიწოდების ფაქტორები – 7.1 პპ; კომუნალური გადასახადები – 1.7 პპ (აქედან მეთოდოლოგიის ეფექტი – 1.3 პპ))“, – განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა.

Comments
Loading...