პრემიერი: წინასწარ გაკოტრებისთვის განწირული სესხები არ უნდა გაიცემოდეს, ეს საქართველოში აღარ დაბრუნდება!

27

ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც იპოთეკურ სესხებს ეხებოდა.

პრემიერის თქმით, ლარიზაცია არის სწორი გზა, რომელიც არ შექმნის პრობლემას ჩვენი ეკონომიკისთვის.

“რაც შეეხება დაფინანსებას და იპოთეკურ სესხებს, მივესალმები, რომ ლარში რამდენიმე ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება და მნიშვნელოვნად შეამცირა ეფექტური საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზე და ეს არის ერთადერთი სწორი გზა, ლარიზაცია, პროცენტების შემცირება იმისთვის, რომ ხელმისაწვდომი იყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის ახალი ბინების შეძენა და იპოთეკური სესხები. ეს არის სწორი გზა, ისეთი გზა, რომელიც არ შექმნის პრობლემას ჩვენი ეკონომიკისთვის.

რაც შეეხება მაღაზიებში განვადებებს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად, ეს კითხვა არის იმ ბუნების, რომელსაც სჭირდება სამართლებრივი შეფასება. მე ნამდვილად არ ვიცი, ჩვენი კანონმდებლობა რამდენად შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ამ ყველაფერს. მივესალმები ყველაფერს, რაც მოქცეულია საკანონმდებლო ჩარჩოში და იზიარებს იმ სულისკვეთებას, რომ საქართველოში უნდა არსებობდეს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა და წინასწარ გაკოტრებისთვის განწირული სესხები არ უნდა გაიცემოდეს. ამან სადამდე მიგვიყვანა, ყველას გვახსოვს. 600 ათასზე მეტი ჩვენი მოქალაქე იყო შავ სიაში. ეს საქართველოში აღარ დაბრუნდება”, – განაცხადა ბახტაძემ.

Comments
Loading...