პრემიერი: ჩვენ საკუთარ თავს ევროპიდან აზიამდე გადებულ ხიდად მივიჩნევთ

41

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე თემატურ დისკუსიაზე Eurasia in a New Global Context განაცხადა.

“აუდიტორიისთვის სიურპრიზი არ იქნება თუ ვიტყვი, რომ რეგიონს უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალი გააჩნია. საქართველო ემსახურება ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყანას. მოგეხსენებათ, რომ მათთვის კარიბჭეს წარმოვადგენთ ამ ძალიან მნიშვნელოვან რეგიონში.

მიმაჩნია, რომ მომდევნო წლების განმავლობაში ეს რეგიონი გახდება მთელი ევრაზიის კონტინენტის ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა. ღრმად მწამს, რომ რეგიონის ეკონომიკური პერსპექტივა ნამდვილად ძალიან ნათელი იქნება.

თუ რუკას შეხედავთ, რა თქმა უნდა, საქართველო ბუნებრივადაა ბიზნესის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებში რეგიონის ცენტრად ქცევის კანდიდატი. ამიტომ ვახორციელებთ ამხელა კაპიტალდაბანდებას ინფრასტრუქტურაში. ჩვენ საკუთარ თავს ევროპიდან აზიამდე გადებულ ხიდად მივიჩნევთ. ჩვენი ისტორიული ფესვები ევროპულია და ჩვენი მომავალიც ევროპულია, თუმცა ამავდროულად საქართველო მდებარეობს ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე. ამიტომ მივიჩნევთ საკუთარ თავს ხიდად.

ჩვენი სურვილია, ხელი შევუწყოთ ვაჭრობას და ტვირთბრუნვის ზრდას აზიასა და ევროპას შორის, ჩინეთსა და ევროკავშირს შორის. ამავდროულად, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც ორივესთან გააჩნია თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება – პარალელურად ევროკავშირთან და ჩინეთთან. მე აქ დიდ სინერგიას ვხედავ. ჩვენ საკუთარ თავს ხიდად მივიჩნევთ, იმ ხიდად, რომელიც ორ უდიდეს ეკონომიკურ პლატფორმას აკავშირებს ერთმანეთთან. ჩვენ ვართ ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყნის კარიბჭე და ახალი ლოგისტიკური მარშრუტებით შევძლებთ იმ ძალიან დიდი ეკონომიკური ღირებულების წარმოჩინებას, რომელიც ამ ქვეყნებში არსებობს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

Comments
Loading...