პრემიერი: შეხვედრა წარიმართა საკმაოდ კონსტრუქციულ ატმოსფეროში, მექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტსაბჭოსთან და ჩამოვყალიბდებით შემდეგ ნაბიჯებზე

1

„შარლ მიშელის მიერ ორგანიზებული შეხვედრა წარიმართა საკმაოდ კონსტრუქციულ ატმოსფეროში, ჩვენ დღეს გავმართეთ დიალოგი, ვიმსჯელეთ მთელ რიგ საკითხებზე, იმ განსხვავებებზე, რომელიც გვაქვს მამართველ პარტიას, ხელისუფლებას და ოპოზიციას.” – – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა

“ბუნებრივია, გვაქვს პრინციპული პოზიციები გარკვეულ საკითხებზე, რომელზეც გვაქვს ჩვენი არგუმენტირებული მოსაზრება, ასევე მოვისმინეთ თითოეული წარმომადგენლისგან მათ მიერ დასმული კითხვები და გავეცი პასუხი. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ დიალოგი გაგრძელდება. მექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან და ჩამოვყალიბდებით შემდეგ ნაბიჯებზე.

მინდა, გითხრათ, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მოწოდება, რეკომენდაცია, რჩევა იყო, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში ჩვენ ყველამ ერთად – ოპოზიციამ, პოზიციამ, ხელისუფლებამ გამოვნახოთ საერთო ენა, რომელიც საუკეთესოდ ემსახურება ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესს. კიდევ ერთხელ განვაცხადე, რომ ჩვენ უნდა გამოვნახოთ შესაძლებლობა, ისეთი ეროვნული, საერთო იდეა, რომელიც გაგვაერთიანებს, ჩვენს ხალხს, ერს გააერთიანებს, ესაა, რაც სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად, საერთო ეროვნული კონსენსუსი, საერთო ეროვნული თანხმობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Comments
Loading...