პრემიერი: ქუთაისი საერთაშორისო საუნივერსიტეტო ქალაქი გახდება

403

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, რკინიგზისა და აეროპორტის ერთობლივი ფუნქციონირება ხელს შეუწყობს ქუთაისს, გახდეს ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული, ლოგისტიკური და სატრანსპორტო ცენტრი.

გიორგი კვირიკაშვილმა, სიტყვით გამოსვლის, ასევე ხაზგასმით აღნიშნა ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა – თითქმის მილიარდიანი პროექტი, რომლის განხორციელება უკვე დაწყებულია.

"თბილისის მაღალტექნოლოგიურ ცენტრთან ერთად, ის იქნება ერთიანი კომპლექსი და ქუთაისი გახდება საერთაშორისო საუნივერსიტეტო ქალაქი, რომელიც მას სრულიად ახალ იმპულსს შესძენს. ქუთაისი ისტორიულად იყო და არის საქართველოს კულტურული ცენტრი და ის ასევე გახდება ძალიან მნიშვნელოვანი ბიზნესცენტრი, სატრანსპორტო-ლოგისტიკური და ტურისტული ცენტრი", – აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა უმნიშვნელოვანეს პროექტებს შორის დაასახელა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც მთავრობის სივრცითი მოწყობის გეგმის შემადგენელი ნაწილია.

"ეს მაგისტრალი არ არის მხოლოდ სარკინიგზო ობიექტი, ეს არის შემადგენელი იმ ძალიან დიდი სივრცითი განვითარების პროექტისა, რომელიც ჩვენი ოთხპუნქტიანი გეგმის ნაწილია და საქართველოს ყველა წერტილში ძირითადი ინფრასტრუქტურის მიყვანას და ძირითადი მომსახურებების მიტანას გულისხმობს. ქუთაისი გახდება საქართველოს სივრცითი განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრი. საქართველოს აქვს სრულიად დასაბუთებული ამბიცია, იყოს რეგიონული ცენტრი", – აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა სასტუმრო „ბესტ ვესტერნის“ შესახებ, რომელიც „საპარტნიორო ფონდის“ ხელშეწყობით აშენდა და დღეს გაიხსნა. გიორგი კვირიკაშვილი საწარმო "იმერის" საქმიანობასაც შეეხო, რომელმაც პროგრამის – "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში მიღებული დაფინანსებით, დამატებით 200-მდე ადამიანი დაასაქმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დროის ათვლის დაფა ჩართო, რომელზეც რკინიგზის ახალი სადგურის მშენებლობამდე დარჩენილი დღეების რაოდენობაა მითითებული.

Comments
Loading...