პრემიერი: საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პროგრამა დაამტკიცა

419

"სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ რამდენიმე საათის წინ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დაამტკიცა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროგრამა. ეს არის ძალიან ინტენსიური, მძიმე მუშაობის შედეგი, რომელიც ფინანსთა მინისტრმა გასწია ეკონომიკურ გუნდთან ერთად",- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისი განმარტებით, ამ პროგრამებს შორის ერთ-ერთია 4 პუნქტიანი გეგმის სივრცითი მოწყობის კომპონენტი.

"ფინანსთა სამინისტრომ ძალიან ბევრი იმუშავა ამ მიმართულებით. ეს პროგრამა არის უმნიშვნელოვანესი ყველა რეფორმის განსახორციელებლად, რომელსაც ჩვენ ვაანონსებთ და ვახორციელებთ 4 პუნქტიანი პროგრამის მიმართულებით. განსაკუთრებით სივრცითი განვითარების მიმართულებით. ამ პროგრამის დამტკიცება უკვე ნიშნავს იმას, რომ მომავალ სამ წელში ყველა გეგმის განსახორციელებლად, რომელიც დავაანონსეთ საერთაშორისო ინსტიტუტებიდან მწვანე შუქია ანთებული. ყველაფერი ეს განხორციელდება და რეალობა გახდება.

რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს იმასაც, რომ ფისკალური დისციპლინა და ქვეყნის ფინანსების მართვა უნდა იყოს პრუდენციული და სათანადო დონეზე ასევე უნდა აღვნიშნო ეროვნული ბანკის ძალიან კარგი, კოორდინირებული მუშაობა ამ მიმართულებით და მინდა ვთქვა, რომ ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი პოზიტიური დინამიკა სახეზეა. ჩვენია ვალია, რომ ეს დინამიკა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავააქტიუროთ. თვითონ სავალუტო ფონდის პროგრამის დამტკიცება არის ძალიან პოზიტიური სიგნალი ყველა იმ პორტფელური ინვესტორისთვის, რომელიც საქართველოს მიმართულებაზე მუშაობს",- განაცხადა პრემიერმა.

Comments
Loading...